”თავისუფალი დემოკრატების” წევრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები არ არის კარგი არც საერთო ევროპული ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის და არც ბრიტანეთისთვის, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ვიქტორ დოლიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები.
როგორც ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, დღევანდელი დღე ძალიან არასასიამოვნო და ცუდი ამბით დაიწყო.
”ჩემი აზრით, ეს არ არის კარგი არც საერთო ევროპული ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის და მათ შორის, არც ბრიტანეთისთვის. თუ დავაკვირდებით, ექსპერტებისა და ცალკეული ქვეყნების, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს შემადგენელი ნაწილების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, შეიძლება რთული კატაკლიზმები გამოიწვიოს თითონ ბრიტანეთსა და საერთოდ ევროპაში, თუმცა ეს არის თავისუფალი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება და ჩვენ ეს მოგვწონს თუ არა, ბუნებრივია, პატივი უნდა ვცეთ”, - განაცხადა დოლიძემ.
ვიქტორ დოლიძე არ იზიარებს ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობა არ ნიშნავს იზოლაციას.
”ზოგიერთი ექსპერტი იმედის გამოთქვამს, რომ ეს არ დააზიანებს საერთო ევროპულ ღირებულებებს, ეკონომიკას, ფულის ბრუნვას შიდა ევოპულ ბაზარზე და შესაძლებელია, პირიქით, ხელი შეუწყოს, მაგრამ მე ამის მოზიარედ ვერ გამოვდგები. რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის, იმედია, რომ ეს არ აისახება საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებზე”, - განაცხადა დოლიძემ.
”თავისუფალი დემოკარტების” წევრი მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის შედეგები ევროპისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების რაოდენობას გაზრდის.
”აღარაფერს ვამბობს რუსეთის ფაქტორსა და პუტინის რეჟიმის რეაქციებზე, რომელიც ერთგვარად გამარჯვებულის როლში იქნება. ყურადღება არ უნდა მოდუნდეს ჩვენი რეგიონისა და პირველ რიგში, საქართველოს მიმართ. პირველ რიგში, ეს გრძნობები დამეუფლა, როდესაც ეს ამბავი გავიგე”, - განაცხადა დოლიძემ.