სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ პროექტს ძალით ვერ გავიტანთ, თუმცა ეს სისტემისთვისაც და ჩვენთვისაც დამაზარალებელია

სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ პროექტს ძალით ვერ გავიტანთ, თუმცა ეს სისტემისთვისაც და ჩვენთვისაც დამაზარალებელია

საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნება” “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღების სექტემბრამდე გადატანას ითხოვს.

საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ დასვა, რომელმაც აღნიშნული თემის გარშემო შიდა დაპირისპირების არსებობაზე მიუთითა.

”საქმე იმაშია, რომ რაღაც განსხვავებული პოზიციები არსებობს. წინააღმდეგობები ვერ მოვხსენით. იქნებ გადავდოთ და საკითხი სექტემბრამდე მივიტანოთ. თემა სერიოზულია. თუ მართლაც რეფორმის მესამე ტალღაა, გარედან ამდენი შემოთავაზება და წინადადებებია, შიგნით დაპირისპირებული მდგომარეობაა. მივაქციოთ ფორმალურ მხარეს ყურადღება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს შეახსენა, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის დღის წესრიგში მესამე მოსმენით დგას და მასში არსობრივი ცვლილებები ვეღარ განხორციელდება.

”ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომელიც მესამე მოსმენამდე არის მიყვანილი. მასში ვერაფერს ვეღარ შევცვლით - ის ან უნდა მივიღოთ რედაქციულ-ტექნიკური შესწორებებით ან არ უნდა მივიღოთ. ეს იქნება აგვისტოში, სექტემბერში, თუ ივნისში, მდგომარეობა ასეთია. აქ ჩვენ ძალას ვერ ვიხმართ. თუ არაფერს არ ვიზამთ, სექტემბერში ისევ მოვალთ აქ და ასე შემდეგ. მესმის, რომ კანონპროექტს ძალით ვერ გამოვიტანთ, თუმცა ეს სისტემისთვისაც და ჩვენთვისაც პოლიტიკურად დამაზარალებელი თემაა. მგონი, ეს ყველას გააზრებული გვაქვს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.