ის, რაც არ გკლავს, უფრო გაძლიერებს

ის, რაც არ გკლავს, უფრო გაძლიერებს

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი „ისტორიული და ისტერიკული რეაქციების მომენტია“. ასეთი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა რეფერენდუმის შედეგების კომენტირებისას გააკეთა.

„ვერ დავმალავთ, რომ რეფერენდუმის სხვა შედეგებს ველოდებოდით. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რამდენად სერიოზული და დრამატულია ეს ამბავი პოლიტიკური თვალსაზრისით. რთულია ვიწინასწარმეტყველოთ, როგორი იქნება ამის პოლიტიკური შედეგები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის. ეს ისტორიული და ისტერიკული რეაქციების მომენტია. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ამ ნეგატიური სცენარისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, ევროკავშირის 27-ვე ლიდერს ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნება სურთ.

„დღეს შემიძლია განვაცხადო ევროკავშირის 27-ვე ლიდერის სახელით, რომ ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი, 27 წევრის ერთობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი ევროპაში იურიდიულ ვაკუუმს არ შექმნის, რადგან, სანამ ბრიტანეთი ევროკავშირს ფორმალურად არ დატოვებს, იქამდე მასთან მიმართებაში ევროპული კანონმდებლობა იმოქმედებს.

„მართალია, ბოლო წლები ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, მაგრამ ყოველთვის მახსოვს მამაჩემის სიტყვები: ის, რაც არ გკლავს, უფრო ძლიერს გხდის“, - განაცხადა ტუსკმა.