პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ეკონომიკური მრჩევლის, ვახტანგ მეგრელიშვილის ბიზნესფორუმზე გამოსვლას დამსწრეთა ნეგატიური რეაქციები მოჰყვა.
მეგრელიშვილმა ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ეკონომიკური მაჩვენებლების არაზუსტ ინფორმაციაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ დაპირებები, რაც ხელისუფლებაში მის მოსვლას ახლდა, არ შესრულებულა.
"ვიზებზე ითქვა, შემოღებაზე და შემდეგ გაუქმებაზე. გახსოვთ, თქვენ როცა მობრძანდით ხელისუფლებაში, შრომით კოდექსს "დრაკონულს" ეძახდით. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო მერე ამაზე საუბარი. ფაქტობრივად, ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაზეც იყო საუბარი, არ მიიღეთ. მერე იყო დაუბეგრავი მინიმუმის ცნება, რომელიც შემოიღეთ და შემდეგ გააუქმეთ", - მიმართა მეგრელიშვილმა ყოფილ პრემიერს.
"ძალიან მომეწონა თქვენი ჩამონათვალი. უცებ ფილმი. "ყვარყვარე" გამახსენდა, სახიფათო დემაგოგიას გავს ეს ყველაფერი. მთავარი არის დამოკიდებულება. ის, რომ, როდესაც შრომის კოდექსთან დაკავშირებით, ევროპაში პირველი ვიზიტი მქონდა, ყველაზე მეტად ეს მოეწონათ ", - უპასუხა ივანიშვილმა.
მეგრელიშვილის გამოსვლას "ავერსის" გენერალური დირექტორი, პაატა კურტანიძეც გამოეხმაურა.
"მახსოვს ბატონი ვახტანგის ორი სკანდალური განცხადება, როდესაც ის იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - პირველი, თქვენ ბრძანეთ ბატონო ვახტანგ მაშინ, რომ თქვენი ნება რომ იყოს, არც ერთ ქალს, რომელიც შეიძლება, რომ დაფეხმძიმდეს, არ მიიღებდით სამსახურში.
თქვენ ასევე ბრძანეთ, რომ საქართველოს მთავრობას ძალიან ძვირი უჯდება მთაში მოსახლეობის შენახვა და სჯობს, ყველა ქალაქში ჩამოვიდეს", - განაცხადა კურტანიძემ ბიზნესფორუმზე, რომელიც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა.