ალექსანდრე ჯეჯელავამ და დავით სერგეენკომ პროფესიული კოლეჯი ”მერმისი” დაათვალიერეს

ალექსანდრე ჯეჯელავამ და დავით სერგეენკომ პროფესიული კოლეჯი ”მერმისი” დაათვალიერეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პროფესიული კოლეჯი ”მერმისი” დაათვალიერეს. მინისტრები კოლეჯის თანამშრომლებს და სტუდენტებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ.

განათლების მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსთვის პროფესიული განათლება პრიორიტეტულია. ეს არის განათლების რეფორმის ერთ-ერთი საყრდენი, რომელიც თავის მხრივ, მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ცენტრალური კომპონენტია.

მისივე თქმით, დაწესებულების მასშტაბით დასაქმების კოეფიციენტი ძალიან მაღალი, 80-90%-ია.

”ჩვენ შეგვიძლია ამით ვიამაყოთ, რადგან ბევრ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთი მაღალი მაჩვენებელი შეიძლება არ იყოს”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებსაც ეძლევათ საშუალება, სასარგებლო პროფესია აითვისონ და დასაქმდნენ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 20 000-მდე სამუშაოს მაძიელებლი.

”ამ დაწესებულებაში დასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთული იქნება 20000-ვე დროის რა მონაკვეთში დასაქმდება, რადგან მათ გადამზადებას სხვადასხვა დრო სჭირდება, ერთი თვიდან - წელიწადნახევრამდე. ეს იქნება დინამიური პროცესი და ვფიქრობ, უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ მკაფიო სურათს დავინახავთ”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საქართველოს მთავრობამ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. აღნიშნული პროგრამის მიზანია სამუშაოს მაძიებელთა მომზადება/გადამზადება, სამუშაო ადგილებზე სტაჟირება და დასაქმების ხელშეწყობა.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულია 68 პროფესია, რომელიც სამუშაოს მაძიებელთა მომზადება/გადამზადების პროფესიათა ჩამონათვალში შედის, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და მათ მიერ მიერ განხორციელებადი სასწავლო პროგრამების რეესტრი.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს www.worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელთა გამოვლენას, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ მომზადება-გადამზადების პროგრამაში. რის შემდეგაც, ბენეფიციარები სხვადასხვა პროფესიებში გადამზადდებიან.

პროგრამის დაფინანსება სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერით ხორციელდება, რომლის მაქსიმალური ღირებულებაა, თითოეულ ბენეფიციარზე პროფესიის შესაბამისად არაუმეტეს 1000 ლარისა.

კოლეჯი „მერმისი“ ერთ-ერთია პროგრამაში ჩართულ კოლეჯებს შორის. კოლეჯი ახორციელებს 34 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის ათ მოდულურ პროგრამას, ესენია: ფეხსაცმლის და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი, ბუღალტერ-ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი, პოლიგრაფიული მრეწველობის ტექნიკოსი, ოფისის მენეჯერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, მზარეული, მემინანქრე, სტილისტი.