შემოდის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, პარლამენტში ინიცირებული პროექტით საკანოსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებული ნორმის ანალოგიური ნორმა შემოდის.
საუბარია “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება.
პროექტი პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისათვის წარედგინა. მისი ავტორი და ინიციატორი დეპუტატი გედევან ფოფხაძეა, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილვის პროცესში ყველაზე აქტიურად მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი იყვნენ ჩართული.
როგორც საკომიტეტო განხილვისას ითქვა, საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით შეაჩერა ნორმა, რომლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებები, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნვეყოფისათვის.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის განმარტებით, ნორმა შეჩერებულია იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით იურიდიული პირის, მასობრივი კომუნიკაციის, ბეჭდვით და ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის მართვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დროებითი მმართველისათვის მინიჭებას. მათივე ინფორმაციით, ახლა შემოდის ის, რომ “გადაუდებელ შემთხვევებში, დროებითი შეზღუდვის ან უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღონისძიება, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება სასარჩელო მოთხოვნის აღსრულებას და არ არის ჩამოთვლილი ამ მუხლში, თუმცა კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მისი გამოყენება დასაბუთებულია და მისი გამოყენების გარეშე მხარეს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, მათ შორის იმის გამო, რომ შეუძლებელი ხდება უფლების განხორციელება, ან სახეზეა ზიანის მიყენების მყისიერი საფრთხე“.
როგორც კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომელმა განმარტა, “ეს თავისი ნორმატიული შინაარსით მოიცავს იმას, რაც საკანონსტიტუციო სასამართლოს მიერ არის შეჩერებული“.
“ამას შეიძლება პოლიტიკიური დატვირთვა მიეცეს - გამოვიდნენ და თქვან: აი რას აკეთებს პარლამენტი. რატომ ვეხებით ამ მუხლს, როცა შეჩერებულია მისი ნორმატიული შინაარსი. ეს სამართლებრივადაც არ არის სწორი“, - აღნიშნა მან.
იგივე განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.
“თქვენ შემოგაქვთ ახალი პუნქტი. ფაქტობრივად იმავე შინაარსის, რა შინაარსის ნაწილიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არის შეჩერებული. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ მიღებული არა აქვს - ჩვენ არ ვიცით, ის არაკონსტიტუციურად ცნობს, კონსტიტუციურად ცნობს, თუ რას იზამს. თქვენ ამ კანონპროექტით შემოგაქვთ შეჩერებული ნორმის ანალოგიური ნორმა. ეს როგორ შეიძლება იქნას განხილული, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაძლევა, რაც კანონით აკრძალულია. სხვა საქმეა, მე ვეთანხები თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - ვამბობ იმას, რომ არსებობს შეჩერებული ნორმა და კანონპროექტით შემოდის შეჩერებული ანალოგიური ნორმა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
გარდა ამისა, როგორც განხილვისას აღინიშნა, ინიცირებული პროექტი იწვევს “ბაჟის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რაც წარმოდგენილი არ არის და პროექტი ამ თვალსაზრისით ხარვეზიანია.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ კომიტეტის შენიშვნებთან დაკავშირებით, საკითხის კენჭისყრაზე გადატანამდე დამატებითი სამუშაო კოსულტაციების გავლა ითხოვა.