ქართველების მიერ გერმანიაში ჩადენილი დანაშაული მაღალი არ არის, მაგრამ მაღალია თავშესაფრის მთხოვნელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა

ქართველების მიერ გერმანიაში ჩადენილი დანაშაული მაღალი არ არის, მაგრამ მაღალია თავშესაფრის მთხოვნელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა

მთლიანობაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული მაღალი არ არის, მაგრამ მაღალია თავშესაფრის მთხოვნელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გერმანიიდან ჩართვისას განაცხადა.

საქართველოს ელჩმა განმარტებები გააკეთა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მედიაში „გარკვეული ძალების მიერ აგორებულ კამპანიასთან“ დაკავშირებით.

„საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გერმანულ მედიაში ბოლო დროს გახდა აქტუალური, რამაც ბუნებრივად გამოიწვია ჩვენი შეწუხება. თუმცა, სამთავრობო დონეზე, პოლიტიკურ დონეზე, ეს საკითხი არასდროს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არ განხილულა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეული ძალების მიერ აგორებული მედია-კამპანია უფროა, ვიდრე ვიზა-ლიბერალიზაციასთან უშუალოდ დაკავშირებული საკითხი. რაც შეეხება სტატისტიკას, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ინფორმაცია: მთლიანობაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული მაღალი არ არის, მაგრამ მაღალია თავშესაფრის მთხოვნელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა. სწორედ ეს იყო განხილვის საგანი ექსპერტების დონეზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა დაინიშნა პოლიციის ატაშე საქართველოს საელჩოში და წელიწადზე მეტია რაც ის აქტიურად თანამშრომლობს გერმანულ საპოლიციო სტრუქტურებთან“, - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.

ელჩმა აღნიშნა, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაული არსებობს, როგორიც არის ბინებისა და მაღაზიების ქურდობის შემთხვევები, მაგრამ ეს საკითხი, არასდროს არ ყოფილა წინაპირობა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების, ვინაიდან საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გარკვეული ძალების მიერ აგორებულ მედია-კამპანიაში ხომ არ გულისხმობდა რუსულ პროპაგანდას, ლადო ჭანტურიამ აღნიშნა, რომ ამაზე გერმანელი კოლეგები მიუთითებენ.

„საკითხი საეჭვოდ დაემთხვა სწორედ იმ დროს როდესაც ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. ჩვენ დავუკავშირდით საპოლიციო სტრუქტურების წარმომადგენელ პარტნიორებს და მათ ბევრი ეს ინფორმაცია უარყვეს. გერმანულ მედიაში საპასუხო ინფორმაციაც გავრცელდა. მაგრამ მოგეხსენებათ, საპასუხოდ გავრცელებულ ინფორმაციას ის ეფექტი არ აქვს, რაც თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას. გერმანულ საპოლიციო სტრუქტურებთან ერთად ამ პრობლემის წინააღმდეგ ვიბრძვით“, - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.