რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმთან არაფერი აკავშირებს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ განმარტებით, კრემლის ლიდერმა იმ დასავლური მედიის პუბლიკაციებზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, პუტინს აღნიშნულ პროცესში საკუთარი ინტერესები აქვს.
„ჩემი აზრით, არასწორი და არაეთიკურია ყველა პრობლემა რუსეთის სახელს დაუკავშირო, განსაკუთრებით, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ არანაირად არ გვეხება. არ არის საჭირო რუსეთისგან რაღაც „საფრთხობელა“ შექმნათ“, - ამბობს კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი.
რუსეთის პირველი პირის განმარტებით, ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხი თავად ევროკავშირსა და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას ეხება და რუსეთს არანაირი ინტერესები არ აქვს.
პუტინი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის პოზიციასაც შეეხო და განმარტა, რომ ალოგიკურია გამოხვიდე რეფერენდუმის ინიციატივით და თავად ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენის პროპაგანდას ეწეოდე.
„თუ ასეთი პრობლემაა, საერთოდ, რატომ გამოვიდა ამ რეფერენდუმის ინიციატივით? რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაეშანტაჟებინა და დამუქრებოდა? რა მიზანი აქვს თუ თავად ევროკავშირიდან გამოსვლის წინააღმდეგია“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა.
გაერთიანებულ სამეფოში ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის ან მის შემადგენლობაში დარჩენის შესახებ რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება.