"ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა 19 იეზიდი ქალი დაწვეს

ერაყში, ქალაქ მოსულში, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა 19 იეზიდი ქალი, ტერორისტებთან სქესობრივ კავშირზე უარის გამო, სახალხოდ გალიებში გამოკეტეს და ცოცხლად დაწვეს.

ინფორმაციას გამოცემა The Independent ავრცელებს.

ერთ-ერთი ადგილობრივი აქტივისტის ინფორმაციით, ტერორისტებმა ქალები რკინის გალიებში ჩაკეტეს და ასობით ადამიანის თვალწინ ცოცხლად დაწვეს.

2014 წელს, მას შემდეგ რაც ტერორისტებმა ქალაქი სინჯარი დაიკავეს, ათასობით იეზიდი ქალი ტერორისტების ტყვეობაში აღმოჩნდა.

ტერორისტები ტყვეებს სასტიკად უსწორდებიან, ვინც მათთან სქესობრივ კავშირზე უარს იტყვის.

2016 წლის 20 აპრილს, ტერორისტებმა 250 ქალი სიკვდილით დასაჯეს ანალოგიური მიზეზით.