"ნაციონალების" და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მესიჯები საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით "ნაციონალებისა" და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა.

აღნიშნული კომენტარი გია ვოლსკიმ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გია ვოლსკის ერთ-ერთი განცხადება არაადეკვატური იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ის სისულელეები, რაც არის ინტერპრეტაციაში, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო, რაც ტიმოშენკოს შემთხვევაში, ის სისულელე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვან მმართველობას აწარმოებს, ან თუნდაც ჩემი განცხადების არაეთიკურად მოხსენიება, ყველაფერი ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დილას, პრეზიდენტთან კონსულტაციებზე გიგა ბოკერია იმყოფებოდა. ამას მოჰყვა ვანო მაჭავარიანის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დანიშვნა. გვაქვს საფუძველი გამოვიტანოთ დასკვნა, რომ არსებობს რაღაც კავშირი გიგა ბოკერიას მისვლასა და იმ მესიჯების გაჟღერებას შორის, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია, ან ეს ყველაფერი დამაფიქრებელი დამთხვევაა. "ნაციონალური მოძრაობის" ისტერიული განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს სტრასბურგის შეფასებები ამართლებს ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნას, ან მის მიმართ გამოტანილ განაჩენს, აბსოლიტურად ერთი-ერთში ემთხვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მესიჯებს. სწორედ ეს ბადებს ეჭვს, რომ ეს მესიჯები ერთმანეთთან შეჯერებულია",- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილეს მიაჩნია, რომ ფიქრია ჩიხრაძის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა საქმიანობაში და ამით ქვეყანას აზიანებს, "არ არის ადექვატური, უსაფუძვლოა და ქვეყნის წინააღმდეგ არის გაკეთებული.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ფიქრია ჩიხრაძესტან დაკავშირებით გია ვოლსკის კომენტარს, არაადეკვატურს უწოდებს.

"გვინდა გამოვეხმაუროთ დეპუტატ გია ვოლსკის კომენტარს საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლები შეაფასა, როგორც "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები. ამ შეფასებაზე მივიღეთ გია ვოლსკის არაადეკვატური კომენტარი და პასუხები. საზოგადოებას კი, აინტერსებს, პარტია "ქართული ოცნება" იზიარებს, თუ ემიჯნება ბიძინა ივანიშვილის ხედვებს, სახელმწიფოს მართვის ფორმებთან დაკავშირებით,"- განაცხადა მიშველაძემ.