”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ოთარ კახიძე მთავრობას ურჩევს, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას სერიოზულად მოეკიდოს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, კახიძე ენერგეტიკის მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ივანე მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს დასკვნას შეეხება.
”ჩვენ ვიცოდით კახა კალაძის კომპეტენციის შესახებ ენერგეტიკაში, როდესაც მას ”გაზპრომი” შემოჰყავდა საქართველოში, რათა მასზე დამოკიდებული გამხდარიყო ჩვენი ენერგეტიკა. საზოგადოებამ ასევე შეიტყო, რომ მას შეძლებია სპორტსმენების მომზადება, რათა შემდგომ პოლიტიკოსები ეცემათ და მოეწყოთ ძალადობა, რაც კორცხელში ვიხილეთ, მაგრამ ახლა შევიტყვეთ, რომ მას თურმე ევროპული ადამიანის უფლებათა ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია სცოდნია და იურიდიულ დეტალებს იცნობს. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა მე ვურჩევ კალაძეს, რომ გაეცნოს სასამართლოს გადაწყვეტილების 106-ე და 107-ე პუნქტებს, სადაც ცხადადაა მოცემული, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება, მთელი მისი პატიმრობა ემსახურებოდა არა სამართლებრივ მიზნებს, არამედ პოლიტიკურ მოტივაციას. კერძოდ, მიზნად ისახავდა მისგან ინფორმაციის გამოძალვას და ამას ახორციელებდა უმაღლესი თანამდებოების პირი - მთავარი პროკურორი, ხელს აფარებდნენ პრემიერი, სასჯელაღსრულების მინისტრი. მთავრობა, ნაცვლად ასეთი კომენტარებისა სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მსოფლიოში საქართველოს იმიჯს ეხება”, - განაცხადა კახიძემ.
ვიცე პრემიერი კახა კალაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილის პატიმრობა კანონიერია.
კალაძის შეფასებით, ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობისთვის” მოულოდნელი იყო.