სოფელ ნაკიფუს მოსახლეობას წალენჯიხა-ნაკიფუს ცენტრალური გზა აქვს გადაკეტილი

სოფელ ნაკიფუს მოსახლეობას წალენჯიხა-ნაკიფუს ცენტრალური გზა აქვს გადაკეტილი

წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუს მოსახლეობამ წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალური გზა გადაკეტა. ადგილობრივები სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი განცხადებით, სოფელში მისასვლელად დაახლოებით ერთი საათი სჭირდებათ, ადგილობრივი ხელისუფლება კი მათ მოთხოვნებს უყურადღებოდ ტოვებს. 
„იმდენად ცუდი გზაა, რომ ავადმყოფოსთვის სასწრაფო რომ გამოვიძახოთ შეიძლება ვერც მოუსწროს. ბევრს არაფერს ვითხოვთ, ეს ხომ ჩვენი უფლებაა, გაგვიკეთონ გზა“, - აცხადებენ ადგილობრივები. 

აქციაზე დღეს წალენჯიხის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი ლუკავა მივიდა, რომლის განმარტებით, აღნიშნული გზა ექსპლუატაციაში 2011 წელს შევიდა და მალევე გაფუჭდა, წელს კი მოხერხდა ამ გზის დაპროექტება. 

„ჩვენ უკვე მივმართეთ რეგიონული განვითარების ფონდს და ველოდებით დაფინანსებაზე პასუხს. შესაძლოა, გზის მშენებლობა წელსვე დაიწყოს. გარდა ამისა, ჩვენ ნაკიფუში 900 000-ლარიან პროექტს ვახორციელებთ და წყლის პრობლემა მათ მთლიანად მოუგვარდებათ“, - განაცხადა გიორგი ლუკავამ.