გიორგი კვირიკაშვილი - პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა ამაყად ვდგავართ ევროპისა და ნატო-ს გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

გიორგი კვირიკაშვილი - პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა ამაყად ვდგავართ ევროპისა და ნატო-ს გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ევროპა, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო და გერმანია ერთად იღწვიან რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. 

”ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა ამაყად ვდგავართ ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გვერდით სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ჩვენ მტკიცედ ვახორციელებთ ნატო-ში ინტეგრაციის ნაბიჯებს და ამ მიმართულებით ვისაუბრეთ ვარშავის სამიტის მნიშვნელობაზე”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

პრემიერმა გერმანიას უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 

”ჩვენთვის, ყველასთვის ევროპაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროპა იყოს ერთიანი, მთლიანი და იყოს მშვიდობა, ამისათვის აუცილებელია, რომ აღმოსავლეთ ევროპისთვის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს. ევროპული მომავალი ქართველი ერის ისტორიულ, გაცნობიერებულ და შეუქცევად არჩევანს წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ გზაზე დიდ წარმატებებს მივაღწიეთ და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციიის და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს, რაშიც მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს გერმანიის მთავრობისგან”, - განაცხადა პრემიერმა. 

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ანგელა მერკელთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმ კონფლიქტებზე, რომელიც რეგიონშია, ასევე, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ მდგომარეობაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

”ამ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაში გერმანია დიდ როლს თამაშობს, მათ შორის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა და გერმანიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.