ანგელა მერკელი - დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხებზე

ანგელა მერკელი - დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხებზე

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი „შეჩერების მექანიზმის“ კონტექსტში განიხილება. ამის შესახებ მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვრიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„ჩვენ გასულ კვირას - ტელეფონით და დღესაც ვილაპარაკეთ ვიზალიბერალიზაციაზე. ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი ვიზალიბერალიზაციისთვის. დღეს ლაპარაკია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ. მე წინა კვირასაც, სატელეფონო საუბარში ვილაპარაკე ამაზე, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციას განვიხილავთ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში. ამას არ აქვს მაინცდამაინც საქართველოსთან უშუალო კავშირი, არამედ ზოგადად, თუკი დიდი სირთულეები წარმოიქმნება და მაგალითად, რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, როგორც შარშან სირიის შემთხვევა იყო - ამის განმეორება რადგან არ გვინდა, ვისწრაფვით შეჩერების მექანიზმისაკენ. ეს საკითხი ახლა ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხებზე“, - განაცხადა მერკელმა. 

ვიზალიბერალიზაციის მიღების ვადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საქმე ეხება მიმდინარე მოლაპარაკებებს ევროპარლამენტში და აქედან გამომდინარე, „ძალიან გრძელ ვადაზე საუბარი არ არის“.

„პარლამენტი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არის, რომ განხილვის პროცესი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. ჩვენ მივიღეთ მხედველობაში ევროკომისიის დასკვნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც საჭირო იყო ვიზალიბერალიზაციისთვის და, რა თქმა უნდა, გერმანია არ შეეწინააღმდეგა ამ რეკომენდაციას. ასე რომ, შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული“, - დასძინა ანგელა მერკელმა.

ანგელა მერკელის განცხადების ქართულ თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.