გრიგორი კარასინი:  ჟენევის მოლაპარაკებები მძაფრად მიმდინარეობდა

გრიგორი კარასინი: ჟენევის მოლაპარაკებები მძაფრად მიმდინარეობდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჯენევის დისკუსიების 36-ე რაუნდს, რომელიც 14-15 ივნისს გაიმართა, აფასებს როგორც დასაშვებად მძაფრს, რომლის მონაწილეებმა შეძლეს ცალკეულ პრაქტიკულ საკითხებში წინ წაწეულყვნენ. ამის შესახებ ‘რია ნოვოსტი“ იუწყება.

კარასინის განცხადებით, მონაწილეებმა შეძლეს, გაეცვალათ აზრები საზღვრისპირა რეგიონებში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, ამ რეგიონებში სიმშვიდეა, თუ არ იქნება მხედველობაში მიღებული საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან.

ლავროვის მოადგილის თქმით, ქართულმა მხარემ განხილვების დროს დიდი ყურადღება დაუთმო ამ ტრაგიკულ ფაქტს, რომელიც 19 მაისს მოხდა. თუმცა, მისივე თქმით, აფხაზურმა მხარემ მოიყვანა 20 შემთხვევა, როდესაც „ქართველების ხელით აფხაზეთის „მოქალაქეები“ დაიღუპნენ“.

კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის ატმოსფერო შესამჩნევად გაართულა საქართველოს რეზოლუციამ დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ, რომელიც 7 ივნისს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იყო გატანილი. მისი თქმით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დადგა დრო, თბილისმა აირჩიოს ამ თემაზე დისკუსიისთვის ფორმატები - გაეროსა თუ ჟენევაში აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისას.

მისი ინფორმაციით, საკუთარი განცხადებების დასტურად, სხდომის დროს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციების ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფებმა მოლაპარაკებათა ოთახი დატოვეს, რასაც რუსეთის დელეგაციაც შეუერთდა.