გია ვოლსკი:  კოალიციური მთავრობის პირობებში რთულია ქვეყნის მართვა

გია ვოლსკი: კოალიციური მთავრობის პირობებში რთულია ქვეყნის მართვა

კოალიციური მთავრობის პირობებში რთულია ქვეყნის მართვა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც მხოლოდ საქართველოს არ ახასიათებს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ეს ასეა განვითარებულ დემოკრატიებშიც, თუმცა, მისივე შეფასებით, საქართველოში უფრო მწვავედ არის წამოწეული თემა, რომელიც კერძო პოლიტიკურ ინტერესებს, პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებსა და ამ ჯგუფების დაპირისპირებას ეხება, რასაც პოლიტიკური სპეკულაციის ფორმა ეძლევა.

“მაგალითად, ერთი ჯგუფი გარკვეული თემების გათვალისწინებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი პოზიციის დაკავებას აპირებს, რომელიც შეიძლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ იყოს“, - ამბობს ვოლსკი.

გარდა ამისა, ვოლსკი მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია პროგნოზი “ქართული ოცნების“ უმრავლესობით მოსვლის შესახებ, რადგან “ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ ვითარების სტაბილიზაცია მოახდინა, ადამიანები მძიმე, დეპრესიული მდგომარეობიდან გამოიყვანა და ის პროექტები, რომელიც ხორციელდება და რაც დაგეგმილია, საქართველოს კარგ და სტაბილურ მომავალს უზრუნველყოფს“.

“იყო სერიოზული პრობლემები, სერიოზულად დაგვარტყა ლარის კურსმა, მსოფლიო და რეგიონალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, მაგრამ ამ პერიოდში თავის გატანა მაინც შევძელით. ჩამოყალიბდა მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტები, ხოლო საშინაო თუ საგარეო სტრატეგიული გეგმა წარმატებული იქნება“, - აღნიშნა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.