ივლისში საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა

ივლისში საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა

საქართველოს ივლისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში. ივნისი საკმაოდ აქტიური თვეა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. გერმანიაში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ივლისში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა თბილისში. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენ გვსურს, რომ  ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვავითაროთ. 2017 იქნება საქართველო-გერმანიის წელი. ფრანკფურტის გამოფენაზე საქართველოდან სტუმრები ჩამოვლენ, წარმოადგენენ ქართულ კულტურას, გერმანელი მკითხველი ქართველ მწერლებს უკეთესად გაიცნობს", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ საქართველოს და გერმანიას ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოტენციალი გააჩნიათ.

"საქართველოსთან გერმანია თანამშრომლობს ასევე ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში. ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალს საქართველოში ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას. ალბათ ჯერ გერმანიაში საკმარისად კარგად არ იციან, რამდენად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ. კონკურენტუნარიანობის და გამჭვირვალობის მხრივ საქართველომ დიდ წარმატებებას მიაღწია. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი საფუძველი იმისთვის, რომ კონტაქტები გააქტიურდეს გერმანელ მწარმოებლებთან, განსაკუთრებით მშენებლობის სფეროში, თუმცა შესაძლოა, ამ მხრივ თანამშრომლობა კიდევ  უფრო გავაფართოვოთ. დღეს ბატონი პრემიერ-მინისტრი შეხვდა გერმანელ ბიზნესმენებს", - აღნიშნა კანცლერმა.

ანგელა მერკელის თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან მან ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრა. "ჩვენ ვხედავთ რომ ევროკავშირის წევრებთან საქართველოს ეკონიმიკური კონტაქტები გაიზარდა", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.