საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "საქართველო დგას ევროკავშირთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობების გაღრმავების გზაზე".
ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პრემიერმა საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე განაცხადა.
"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას განხორციელების გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს და უახლოეს მომავალში ველით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღებას. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს ზრდის. და მოგვიანებით ამ თვეში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოვაწერთ ხელს", -განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ინვესტორები და ტურისტები დღეს საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და სწრაფად განვითარებად ქვეყანას.
"ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას - ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია.
მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთება ერთ-ერთი უმარტივესია. მსოფლიოს მასშტაბით საგადასახადო ტვირთის სიმცირით მე-9 ადგილს ვიკავებთ. ყველა ძირითადი სარეიტინგო სააგენტო სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს. ჩვენ გვჯერა, რომ შიდა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა.
ჩემი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს უზრუნველყოს გრძელვადიანი მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა. რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებსა და საპენსიო სფეროს. ეს გეგმები ცხადყოფს მთავრობის მონდომებას, შექმნას თანამედროვე, განათლებული და ჯანსაღი ქართული მუშახელი, რომელიც მზადაა გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
“საქართველოს ისტორიულად ჰქონდა სტრატეგიული როლი რეგიონში და დღესაც ჩვენი, როგორც რეგიონალური ცენტრის როლი, ინვესტორებს საქართველოში იზიდავს. საქართველოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, ისევე როგორც ჩვენი, როოგორც წესი, პარტნიორული დამოკიდებულება მეზობლებთან და ახლო მეზობლებთან, ჩვენ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა, ან თუნდაც რუსეთში ბიზნესის წარმოების შესანიშნავი საწყისი წერტილი ვართ".