სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლზე მითითებაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, მიმაჩნია, რომ მისი ეს მითითება შესასრულებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.
“რადგან სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ მისთვის საკმარისი არ იყო მასალები, რომელიც უკავშირდება ვანო მერაბიშვილის განცხადებას, თითქოს და, მისი საკნიდან გაყვანის თაობაზე, ჩვენ საგამოძიებო ორგანოებს ამ ფაქტზე დამატებითი გამოძიების ჩატარება და შედეგების სტრასბურგის სასამართლოსთვის მიწოდება უნდა დავავალოთ. შეიძლება მოხდეს ყველა მოწმის დაკითხვა და ინფორმაციის გადამოწმება. სპეკულაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლზე მითითება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის განსაზღვრას ნიშნავს, უნდა დასრულდეს“, - აცხადებს ეკა ბესელია.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ მერაბიშვილის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება და ამ პატიმრობის ვადის გაგრძელება კანონიერი იყო.
“სტრასბურგის სასამართლოს არ უთქვამს, რომ ვანო მერაბიშვილი უკანონოდ დააკავეს ან ის, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია“, - აღნიშნა მან.