"ნაციონალური მოძრაობა" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს"

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, ირკალი კობახიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის სარჩელზე გამოტანილ გადაწყვეტილებას განმარტავს.

კობახიძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დღეს "ნაციონალური მოძრაობისგან" არა ერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

"სტრასბურგის სასამართლომ დღეს გაავრცელა ოფიციალური გადაწყვეტილება, რომლის სათაურშიც სიტყვა სიტყვით არის აღნიშნული, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო როგორც კანონიერი, ისე დასაბუთებული. უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობასა და ამ პერიოდში, მერაბიშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელა. სასამართლოს კითხვები არ აქვს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირად არ ცვლის მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლომ ივანე მერაბიშვილის სარჩელი ძირთად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და დაადგინა მხოლოდ ორი ხარვეზი, რომელიც არ არის ივანე მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და არც მითუმეტეს მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მტკნარი სიცრუეა "ნაციოლნალური მოძრაობის" განცხადება იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს აზრით, თითქოს, ივანე მერაბიშვილი მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით დააკავეს.

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა შეფასდა, როგორც კანონიერ და დასაბუთებული. გადაწყვიტლების არც ერთ ფრაზაში მინიშნებაც კი არ გვხვდება ივანე მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ პატიმრობაზე", - აღნიშნა კობახიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე.

არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი - წინასწარი პატიმრობის კანონიერება.

არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებებით - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.

დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.

დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი-წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებით გამოყენების აკრძალვა, ვიდრე ამას ითვალისწინებს კანონი, 5.1 მუხლთან კავშირში.