ხელისუფლება მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილს გაასაჩივრებს

ხელისუფლება მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილს გაასაჩივრებს

ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც ხარვეზებზე მიუთითებს, გაასაჩივრებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ განუცხადა, ხელისუფლება სამი თვის ვადაში მიმართავს დიდ პალატას მათ შორის მე-18 მუხლთან დაკავშირებით.

”ეს გადაწყვეტილება სამი თვის ვადაში ექვემდებარება გასაჩივრებას. ხელისუფლება გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას თუნდაც იმ დარღვევასთან დაკავშირებით, რაც არის მითითებული. ეს გარკვეულ წინააღმდეგობაშიც მოდის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელიც კანონიერად მიიჩნევს პატიმრობას. თუ პატიმრობა კანონიერია, აქ ცხადია სხვა არავითარ მიზნებზე არ შეიძლება იყოს საუბარი, რაც მე-18 მუხლიდან გამომდინარეა. ხელისუფლება მიმართავს სამი თვის ვადაში დიდ პალატას მე-18 მუხლთან დაკავშირებით არსად წერია, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი ან გათავისუფლება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან, რაზეც საუბრობს ”ნაციონალური მოძრაობა” და ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროსასამართლო მიუთითებს გარკვეულ დარღვევაზე, რაც გამომდინარეობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

”სასამართლოს რა თქმა უნდა, შეეძლო მეტი დასაბუთებულობა. ეს ხარვეზი არის და ამის გამო ხელისუფლება მზად არის აღასრულოს გადაწყვეტილება. კომპენსაცია რაც არის დაკისრებული, არის ნამდვილად მცირე ოდენობა. სხვა რაიმე არსებით ხარვეზზე საუბარი არ არის”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დასაბუთებულად არის მიჩნეული მერაბიშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები. ”ეს ეხება 2013 წლის 22 და 25 მაისის გადაწყვეტილებებს, სადაც სასამართლო ასევე უთითებს, რომ ევროკონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი, რომელიც პატიმრობის გაგრძელების საფუძვლიანობის საკითხის განხილვას ეხება, არ არის დარღვეული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ადგენს სასამართლო. არც კანონიერებასთან გვაქვს რაიმე კითხვის ნიშანი და არც პატიმრობის ვადის გაგრძელების საფუძვლიანობაზე გვაქვს კითხვის ნიშნები 22 და 25 მაისის გადაწყვეტილებაზე”, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ ორაზროვნება არ იყოს, რა თქმა უნდა, საჭიროა, გადაწყვეტილება კარგად იყოს წაკითხული.

”გადაწყვეტილება გამოტანილია წინასწარი პატიმრობის საქმეზე, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე. ანუ გადაწყვეტილებაში მოყვანილი დასკვნები ეხება მხოლოდ ამ პერიოდს ანუ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის თავისებურებებს და არამც და არამც არ ეხება მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს, რომლითაც დადგენილია მის მიერ კონკრეტული დანაშაულებების ჩადენა და არავითარ გავლენას ეს გადაწყვეტილება ვერ მოახდენს ქვეყნის შიგნით განაჩენის აღსრულებაზე. გამოტანილ განაჩენში არც ერთი სიტყვა არ არის გამოყენებული, რომელიც რაიმე ფორმით პოლიტპატიმრობას დაასაბუთებს მერაბიშვილის მიმართ და არც იმაზეა საუბარი, რომ მერაბიშვილი გათავისუფლდეს, რასაც აცხადებს სრულიად არასწორად მისი ადვოკატი. გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ წინასწარ პატიმრობას. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ სასამართლომ თქვა, რომ პატიმრობის კანონიერებასთან არავითარ პრობლემა არ აქვს სასამართლო გადაწყვეტილებებს ანუ შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პატიმრობის კანონიერებასთან დაკავშირებით არის დასაბუთებული. 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი ანუ საქართველოს კანონის და ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი”, - განახცადა კობახიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლო აღიარებს, რომ 2013 წელის 25 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით, დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის 5§3 მუხლი, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა გაუგებარ სამართლებრივ ნორმებს ეფუძნებოდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი (წინასწარი პატიმრობის კანონიერება).

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეში დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი, რომლის საფუძველზე ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ დაკავება მისი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მოშორების მიზნით მოხდა, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება გამოიწვია.

სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებით, მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს სასამართლოს დადგენილების ძალაში შესვლიდან სამი თვეში უნდა გადაუხადოს 4 000 ევრო და 8 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია, ასევე დაფაროს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც მოსარჩელე მხარის საქმეს უკავშირდება.

ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ყოველი საათი არის საქართველოში ოფიციალური პოლიტპატიმრის ყოფნა, - ამის შესახებ კი ვანო მერაბიშვილის ყოფილმა ადვოკატმა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის ავტორმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრის სტატუსი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა და ეს უნდა იყოს სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ მათ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვანო მერაბიშვილი.

„ევროსასამართლოს საქართველოსთან მიმართებაში პირველი გადაწყვეტილებაა, როდესაც დადგინდა, რომ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმარი. ეს არის ევროკონვენციის მე-18 მუხლი, ვანო მერაბიშვილი არის მესამე პოლიტიკოსი იური ლუცენკოსა და იულია ტიმოშენკოსთან ერთად, რომელზეც სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. ეს არის სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ მათ დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა საქართველოს ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმარი მერაბიშვილი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ევროკონვენციის მე-18 მუხლის დადგენა არ ითვალისწინებს სავალდებულო ხასიათს.