"უვიზო მიმოსვლაზე კენჭისყრა კარგ ვარიანტში სექტემბერში იქნება, ცუდ ვარიანტში ოქტომბერში"

ევროკავშირში საქართველოს საკითხებში მომხსენებლის ანდრეას მამიკინსის განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხის განხილვა, სავარაუდოდ, სექტემბერამდე ვერ მოხდება.

"ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრა კარგ ვარიანტში სექტემბერში იქნება, ცუდ ვარიანტში ოქტომბერში. პარლამენტარების უმრავლესობა ხმას სასარგებლოდ მისცემს თუ საქართველოს შიგნით რაიმე ექსტრაორდინალური მოვლენები არ მოხდა",-განაცხადა მამიკინსმა.

10 ივნისს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს ლუქსემბურგში.  მათ განიხილეს საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთისთვის და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი და მხარი არ დაუჭირეს მას.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის მინისტრებმა გაიმეორეს მათი პოზიცია. აღინიშნა, რომ მათი უარი უკავშირდება საქართველოს მოქალაქეთა დანაშაულებრივ საქმიანობას.

20 ივნისს, გაიმართება შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, მანამდე კი, გეგმაშია, 15 ივნისს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე საკითხის განხილვა.