შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მოესწროს.
"პირWელთან" საუბრისას, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე აცხადებს, რომ რთულია იმის თქმა, როდის უყრის კენჭს ევროპარლამენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს.
"ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. ეს საკითხი ეჭვის ქვეშ არ დგას. ერთადერთი, რისი განსაზღვრაც არის შეუძლებელი, არის დრო.
როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ამის განსაზღვრა რთულია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპარლამენტმა საკითხის განხილვა მოასწროს იმ ვადებში, რომელიც მას აქვს ივლისში. შესაძლოა, გადაწყვეტილება იყოს ივლისშიც და სექტემბერშიც, ზუსტი დროის თქმა რთულია", - განაცხადა საბანაძემ.
10 ივნისს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს ლუქსემბურგში. მათ განიხილეს საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთისთვის და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი და მხარი არ დაუჭირეს მას.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის მინისტრებმა გაიმეორეს მათი პოზიცია. აღინიშნა, რომ მათი უარი უკავშირდება საქართველოს მოქალაქეთა დანაშაულებრივ საქმიანობას.
20 ივნისს, გაიმართება შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, მანამდე კი, გეგმაშია, 15 ივნისს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე საკითხის განხილვა.