მოდი ყველამ ვაღიაროთ, ადამიანის უფლებების სფეროში საზოგადოებას, ქვეყანას, სახელმწიფოს იმაზე მეტი გვაქვს გასაკეთებელი, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში გაკეთდა, რადგან ეს არის სფერო, რომელშიც საქმე არასდროს მთავრდება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ღონისძიებაზე გააკეთა.
კომიტეტმა დღეს ოთხი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარდგინა. უსუფაშვილის შეფასებით, ყველაზე უფრო განვითარებულ, კონსოლიდირებულ დემოკრატიებში ადამიანის უფლებების სფეროში მუდმივად ახალი გამოწვევები ჩნდება.
“სამწუხაროდ, დღე არ გავა ისე, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არ მოვიდეს ინფორმაცია ადამიანების მორიგი მსხვერპლის თაობაზე, რომელიც ადამიანების მიერვეა ჩადენილი, არ მივიღოთ ინფორმაცია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, რომელიც ასევე სხვა ადამიანების მიერაა ჩადენილი. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში, ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ადამიანები ვუზღუდავთ უფლებებს და თავისუფლებებს, იმიტომ, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი თანამდებობის პირები, რომლებიც ძალაუფლების გარკვეული ნაწილით ვართ ხოლმე აღჭურვილი, ხშირად შესაძლოა, კეთილი მიზნებით, კეთილი ამოცანებით, მაგრამ ბოლომდე ვერ ვახერხებთ ყველა ადამიანის უფლების თანაბრად და სწორად დაცვას. დიახ, სამწუხაროა, რომ დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, კიდევ ერთხელ ძალიან ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ ყველა ადამიანი ადამიანია და ყველა ადამიანს აქვს თანასწორი უფლებები და თავისუფლებები და ეს უნდა იყოს განუხრელად დაცული“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველოს პარლამენტის სამწელიწადნახევრიან თუ ოთხწლიან საქმიანობაში ადამიანის უფლებების საკითხი მუდმივად იყო ყურადღების ცენტრში, არა მხოლოდ ამ სფეროში მიღებული ძალიან მძიმე მემკვიდრეობის გამო, არამედ იმ ამბიციური გეგმების გამო, რომელიც პარლამენტმა და მთავრობამ თავიდანვე დაისახა.
“ამ ბოლო წლებში, პარლამენტის სათანადო ყურადღების ცენტრში მოექცა არა მხოლოდ პოლიტიკური უფლებები, არამედ სხვა ჯგუფის უფლებები, სოციალური უფლებები, თავისუფლებები, რომელიც ტრადიციულად, პოლიტიკურად უფრო მგრძნობიარე და პოლიტიკურად უფრო ხმაურიანი თემების ფონზე უკანა პლანზეა ხოლმე გადაწეული, არადა თუ ჩვენ გვინდა პოლიტიკური უფლებების განუხრელად დაცვა, პირველ რიგში, უნდა შევძლოთ იმ უფლებების სათანადოდ უზრუნველყოფა, საკანონმდებლო დონეზეც და ყველა სხვა დონეზეც, რომელიც თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო მეტად გვაგრძნობინებს ჩვენს სოლიდარობას ჩვენს თანამოქალაქეებთან, იმ ადამიანებთან, ვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა და ყურადღება სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტსა და მის აპარატს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე მადლობა გადაუხადა უფლებადამცველ ორგანიზაციებს კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობისთვის.