როდესაც პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი იყო, მთავრობის სხდომაზე ვკითხე გაეგრძელებინა თუ არა სდსს-ს იმავე ხარჯების გაწევა, რასაც აქამდე სწევდა, რაზეც მთავრობისგან თანხმობა მივიღე, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ ჟურნალისტებს ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს გამართული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ჯანაშიამ აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იგივე ხარჯებს სწევდა, როდესაც ის უკვე აღარ იყო სამსახურის ხელმძღვანელი, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა პრეზიდენტის უფლებამოსილებას.
„თუ არ ვცდები 17 თებერვალი იყო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უკვე პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იყო გადასული. მე ვკითხე პრემიერ-მინისტრს მთავრობის სხდომაზე გაეგრძელებინა თუ არა სამსახურს იმ ხარჯების გაწევა, რომელსაც აქამდე სწევდა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის, რაზეც მთავრობისგან თანხმობა მივიღე. სდსს აღნიშნულ ხარჯებს სწევდა ამის შემდეგაც. ეს თანხები აუცილებელი იყო სახელმწიფო თანამდებობის პირების საზღვარგარეთ ვიზიტების დროს სხვადასხვა ღონისძიებებისთვის, მათ შორის ტრანსპორტის ქირაობისთვის, საჩუქრების შეძენისთვის და სხვა, რათა სახელმწიფოს თანამდებობის პირს საკუთარი უფლებამოვალეობები შეესრულებინა“, - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.