ხვალ, ფოთში, 1O საათზე, პორტის მიმდებარედ, 9 აპილის ხეივანში, საკონტეინერო გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების თანამშრომლები „კორპორაცია ფოთის პორტის“ წინააღმდეგ გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ.
ფოთში მომუშავე ყველა საკონტეინერო ტერმინალი და ლოგისტიკური კომპანია, სადაც ჯამში 5000 –მდე ადამიანია დასაქმებული, „კორპორაცია ფოთის პორტის“ იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის საფუძველზეც უკვე 1 ივლისიდან ძალში შედის პორტის მიერ დაწესებული კონტეინერების საპორტო და სატერმინალო მომსახურების ინტეგრირებული ტარიფები. ამ გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ საზღვაო ხაზები და ტვირთის მფლობელები იძულებულნი იქნებიან კონტეინერები მხოლოდ ბუნებრივი მონოპოლისტის, ფოთის პორტის კუთვნილ საკონტეინერო ტერმინალში დაამუშაონ. შედეგად, იმავე საქმიანობით დაკავებული ყველა საკონტეინერო ტერმინალი, ფაქტობრივად გაჩერდება.
გამაფრთხილებელი აქციით, კონტეინერების სატერმინალო მომსახურების კომპანიების თანამშრომლები ითხოვენ, რომ შეფასდეს „კორპორაცია ფოთის პორტის“ აღნიშნული ქმედება, როგორც თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვა და მისი, როგორც კონტეინერების საპორტო მომსახურების ბუნებრივი მონოპოლისტის დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მცდელობა საკონტეინერო სატერმინალო მომსახურების სფეროში.
აქციის მონაწილეები, მოითხოვენ საკითხის შესწავლას კონკურენციის სააგენტოს მიერ. გადაწყვეტილების მიღებამდე კი კონკურენციის სააგენტოსგან მოითხოვენ მიმართოს სასამართლოს აღნიშნული ცვლილებების ძალში შესვლის შეჩერებისთვის, მისი, ან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც თავის მხრივ არავითარ ზიანს არ მიაყენებს „კორპორაცია ფოთის პორტს“.
აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართაა და გულისხმობს იმას, რომ შემოსავლების სამსახურმა დაუყონებლივ დაიწყოს თავისი ფუნქციების აღსრულება. კერძოდ, მსუბუქი მანქანებით დატვირთული კონტეინერების მიღება-დამუშავებისათვის სხვა საბაჟო საკონტეინერო ტერმინალებში, ისეთივე ფუნქციების შესრულება, რასაც მხოლოდ ერთი, „კორპორაცია ფოთის პორტის“ მიერ დაფუძნებული, იდენტური საბაჟო-საკონტეინერო ტერმინალის მიმართ ასრულებს 2011 წლის თებერვლიდან მოყოლებული დღემდე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკონტეინერო ტერმინალებს გააჩნით კონკურენციის სააგენტოს შესაბამისი გადაწვეტილება მოგებული აქვთ რამდენიმე სასამართლო დავა ფინანსთა სამინისტროსთვის, თუმცა, ვითარება არ იცვლება.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, გამაფრთხილებელი აქცია არის მშვიდობიანი, ტარდება იმგვარი ფორმით და ფორმატით, რომელიც ხელს არ შეუშლის არც ტვირთების მოძრაობას, არც საავტომობილო თუ საფეხმავლო მიმოსვლას.