ალექსანდრე ჯეჯელავა - ცხარე დისკუსიისა და კამათის მიუხედავად, კონკრეტული შეთანხმების მიღწევა მოხერხდა

ალექსანდრე ჯეჯელავა - ცხარე დისკუსიისა და კამათის მიუხედავად, კონკრეტული შეთანხმების მიღწევა მოხერხდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და „აუდიტორია 115“-ის წევრების შეხვედრა დასრულდა. სტუდენტებსა და განათლების მინისტრს შორის დახურულ რეჟიმში გამართული საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, ცხარე დისკუსიისა და კამათის მიუხედავად, კონკრეტული შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.

„შეხვედრა ცხარე კამათისა და დისკუსიის ფონზე წარიმართა. თუმცა შედგა შეთანხმება. მათ გაითვალისწინეს ჩემი მოთხოვნა, რომ ძალიან მკვეთრად ჩამოეყალიბებინათ, რა მოლოდინები აქვთ მთავრობისგან და ამას მივაღწიეთ რთულად, მაგრამ მაინც. რაიმე ახალი მოთხოვნა არ ყოფილა და საუბარი შეეხებოდა მხოლოდ დაზუსტებას. საკითხები შეეხება უნივერსიტეტის საბჭოში არჩევის წესს, თვითმმართველობის ახლანდელი ფორმის გაუქმებას და შუალედურ რეჟიმში გადაყვანას. ასევე სამუშაო ფორმატის ჯგუფის შექმნას, სადაც განათლების რეფორმირების საკითხზე ვიმუშავებთ. რა თქმა უნდა, ამ ცვლილებების შემუშავების პროცესში ჩართული იქნება ყველა მხარე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

შეხვედრით კმაყოფილი არიან „აუდიტორია 115“-ის წევრები. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მოხდა კონკრეტული საკითხების შეჯერება და მოსაზრებების გაზიარება. მათივე თქმით, განათლების მინისტრისგან მიიღეს პირობა, რომ მთავრობის უახლოეს სხდომაზე დადგება ის საკითხები, რომელიც განათლების რეფორმირებას ეხება.

„შეხვედრა იყო კარგი და ნაყოფიერი. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს, რაზეც მოხდა შეჯერება, მინისტრი გაიტანს მთავრობის სხდომაზე,. მან სწორედ ასე განაცხადა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი მინისტრი დანაპირებს შეასრულებს“, - აღნიშნა „აუდიტორია 115“-ის წევრმა ნათია ქარჩილაძემ.