თბილისის ზოოპარკი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ

თბილისის ზოოპარკი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილეებთან, გიორგი ლილუაშვილთან და ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ზოოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებს 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო.

“13 ივნისის სტიქიის შედეგად, ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაზიანდა როგორც პარკის ინფრასტრუქტურა, ასევე, დაიღუპა და დაიკარგა 280 ერთეულზე მეტი ცხოველი. ჩვენ შესაბამის უწყებებთან ერთად ძალიან სწრაფად დავიწყეთ ზოოპარკის გაწმენდითი სამუშაოები, დიდი ნაშალი მასალა იქნა ზოოპარკის ტერიტორიიდან გატანილი, რომლის შემდეგაც, აღვადგინეთ დაზიანებული ვოლიერები, დავიწყეთ ახალი ვოლიერების მშენებლობა და შესაბამისად, დავაბინავეთ ის ცხოველები, რომლებიც გადაურჩნენ სტიქიას. გარდა ამისა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ზოოპარკები გვეხმარებიან, ეტაპობრივად ჩამოდის ცხოველები და ფრინველები. აღნიშნული ტერიტორია, რამდენიმე წელი იქნება შენარჩუნებული, ვიდრე ახალი ზოოლოგიური პარკი არ განვითარდება, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები ახალი ზოოპარკისთვის ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ და 48 ჰა ტერიტორია მთლიანად შემოიღობა, გაკეთდა კავკასიური ჯიშის ნაგაზებისთვის სპეციალური ძაღლსაშენი, გარდა ამისა, მიმდინარეობს ვოლიერების მშენებლობა, ნაწილი დაპროექტების პროცესშია, რათა ეტაპობრივად გადავიტანოთ ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარედ, ხოლო ეს ტერიტორია განვავითაროთ, როგორც სარეკრეაციო სივრცე,”- განაცხადადავით ნარმანიამ.

თბილისის მერთან ერთად, ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებს ზოოლოგიური პარკის ახალი ბინადრები გააცნო. ცოტა ხნის წინ, თბილისის ზოოპარკს 29 ახალი ცხოველი და ფრინველი შეემატა, 13 ივნისამდე, კი, სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკების დახმარებით, ზოოლოგიურ პარკში, დამატებით 46 ცხოველი განთავსდება. ზაფხულსა და შემოდგომაზე თბილისის ზოოპარკი საჩუქრად კიდევ 55 ცხოველს მიიღებს.