სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის განცხადებით, ის რომ გერმანიამ საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა, აღმაშფოთებელია.
მისი თქმით, გერმანია და საფრანგეთი, რატომღაც, საქართველოს "დაბალი ღობის" როლს ანიჭებენ.
"ეს არის აღმაშფოთებელი რამ. პოლიტიკოსი არ ვარ და თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ეს არის უსინდისობა და უნამუსობა ევროპელების მხრიდან. განსაკუთრებით, საფრანგეთს და გერმანიას ვგულისხმობ. ეს ორი ქვეყანა ტრადიციულად, "დაბალი ღობის" როლს ანიჭებს საქართველოს, ან "განტევების ვაცის". ეს არ არის პირველი შემთხვევა.
გავიხსენოთ ბუქარესტის სამიტი, სადაც საქართველოს წინააღმდეგობას უწევდა საფრანგეთი, MAP-ის მინიჭების პროცესში", - განაცხადა გორგილაძემ "პირველ პრესკლუბში".
მისი თქმით, აღშფოთებას იწვევს ის განცხადებები, რომ თურმე, ქართველები არიან კრიმინალური ერი.
"ბუნდესტაგის ერთ-ერთმა დეპუტატმა ისიც კი თქვა, რომ ქართული მაფია მიზანმიმართულად ახდენს მიგრანტთა ნაკადების გერმანიაში შემოდინებასო. იცით, რომ სოციალურ ქსელებშიც გამოქვეყნდა და ჩვენმა ელჩმაც თქვა, რომ სტატისტიკურად ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებს თავისი ზიანით უსწრებს დაახლოებით, 25 სხვადასხვა დაჯგუფება. ვერ გავიგე, საერთოდ ეს საკითხი რა შუაშია ვიზალიბერალიზაციასთან. ყველა ევროპელი, მათ შორის კრიტიკოსებიც, ვინც ვიზალიბერალიზაციის მიღებას ბლოკავს, ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სრულად შეასრულა ვიზალიბერალიზაციისთვის შესასრულებელი პირობები. ის უსწრებს ალბანეთს, კოსოვოს, უკრაინას, გარწმუნებთ, რომ კორუფციასთან ბრძოლის, მედიის თავისუფლების, დემოკრატიის თვალსაზრისით, სამივე ქვეყანას შთამბეჭდავად ვუსწრებთ", - განაცხადა გორგილაძემ.
"თუ რაიმე განსაკუთრებულ სტატისტიკურ მონაცემებს ფლობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველები ლამის ორგანიზებული დანაშაულის ექსპორტიორები არიან, უნდა ეთქვათ, ვიდრე პირობების ნუსხას წარმოადგენდნენ. ეს სიტუაცია ერთი წლის განმავლობაში ხომ არ იცვლება. ეს არის ხელოვნური. შესაძლოა, კომპლექსური მიზეზი ჰქონდეს. ვთქვათ, გარკვეული ლობისტური ჯგუფების მუშაობის შედეგი, ან რუსეთის გავლენა გერმანიაზე. გარდა აღშფოთებისა, ჩემში პირადად, სხვას არაფერს იწვევს. მსგავსი რაღაცები ყველაზე მეტად უწყობენ ხელს ქვეყანაში პრორუსული განწყობების ზრდას, ვიდრე ე.წ. პრორუსული პროპაგანდა", - აღნიშნა ვალერიან გორგილაძემ.
"გერმანია საქართველოს ვიზელიბერალიზაციას ბლოკავს" - ამგვარი სათაურით გამოაქვეყნა სტატია ევროპულმა ინტერნეტ-გამოცემა EUobserver-მა. გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 8 ივნისს ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე გერმანიამ, რომელსაც საფრანგეთმა და იტალიამ დაუჭირეს მხარი, დაბლოკა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი. Euobserver აღნიშნავს, რომ ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში იმყოფებოდა.