სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის განცხადებით, ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებები და მისი წერილი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მიმართული არ არის.
გორგილაძის თქმით, ივანიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულ ოცნებას" კონკურენტი არ ჰყავს საპარლამენტო არჩევნებში და ის 95 დეპუტატით შევა პარლამენტში, უშუალოდ არამარტო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ განხორციელებული დარტყმაა, არამედ ყველა იმ დანარჩენ პოლიტიკურ ორგანიზაციაზეც, რომელიც "მესამე სივრცეში" არიან.
"იქედან უნდა წამოიღოს ეს ხმები, ვინაიდან ეს ხმები, რაც გადანაწილდა "პატრიოტთა ალიანსზე", ბურჯანაძის პარტიაზე, "ეროვნულ ფორუმზე", "თავისუფალ დემოკრატებზე", და ა.შ. არის "ოცნებიდან" წამოსული ხმები, ამდენად, ამ ხმების დაბრუნებას ცდილობს და ამ თვალსაზრისით, ეს სავსებით შესაძლებელია. ამ სტრატეგიამ იმუშავა 2012 წლის არჩევნებში, 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე და 2014 წელს ადგილობრივ არჩევნებზე. ამდენად, "ქართული ოცნება" კვლავ შეეცდება, ამ სცენარის გამეორებას, მით უფრო, რომ პაატა ბურჭულაძის რეიტინგი გარკვეულ პრობლემას უქმნის "ქართულ ოცნებას", - განაცხადა გორგილაძემ "პირველ პრესკლუბში" საუბრისას.