დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობაში მისი ყოფნა სახელმწიფოს წინაშე ვალდებულების შესრულება უფროა, ვიდრე ხათრი

დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობაში მისი ყოფნა სახელმწიფოს წინაშე ვალდებულების შესრულება უფროა, ვიდრე ხათრი

ეს უფრო ვალდებულების შესრულებაა, ვიდრე ხათრი ან მინისტრად ყოფნის სურვილი, - ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ”მთავრობის ბევრი წევრი იქ ხათრითაა შერჩენილი”.

როგორც სერგეენკომ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უფრო ახლო და მშობლიური კლინიკური მედიცინაა.

”ხათრით არ ვიცი. მე შემიძლიათ გითხრათ, რომ ჩემთვის უფრო ახლო და მშობლიური კლინიკური მედიცინაა. მოხდა ისე, რომ 2012 წელს ვალდებულება ავიღე სახელმწიფო სამსახურში ვყოფილიყავი და ეს ჩემს შემთვევაში ვალდებულების შესრულება უფრო არის, ვიდრე ან ხათრი ან ის, რომ მირჩევნია მინისტრად ყოფნა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბევრი წევრი მთავრობაში „ხათრით არის შერჩენილი“.

ამის შესახებ ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან, „ტექნოპარკში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ივანიშვილის თქმით, 10-15 წელიწადში შეიძლება ჩავდგეთ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების რიგში.

„მოთმინება უნდა ვიქონიოთ. მე არ ვითხოვ იმას, რომ მთავრობას დაველოდოთ და ვაპატიოთ. არაფერი უნდა ვაპატიოთ თუ შეცდომები აქვს, ოღონდ სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ“, - დასძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან რთულია დემოკრატიულ ღირებულებებზე ესაუბრო ადამიანს, რომელიც ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრობს.

„მაგრამ, ეს კვირიკაშვილს ხომ არ უნდა მივაწეროთ ან დღევანდელ მთავრობას დავაბრალოთ და დავუწყოთ მას ჭიდაობა? - ვისაც არ მოეწყინება დღეს, ნებისმიერ ბრუნვაში აკრიტიკებენ, ლანძღავენ და მთავრობის ძალიან ბევრი წევრი ხათრით არის იქ შერჩენილი, რომ იცოდეთ და მხოლოდ იმ ენთუზიაზმით, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს. წინა ხელისუფლებას რომ მოეგო არჩევნები, დღეს იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი. იმ მოდელით რომ გაგრძელებულიყო მმართველობა, დღეს პენსიები ვეღარ დარიგდებოდა, ხელფასებს ვეღარ გადაუხდიდნენ საჯარო მოხელეებს - ამაზე შემიძლია ვესაუბრო სპეციალისტებს რამდენიც გინდათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.