წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან საარჩევნო რეგულაციების ქვეშ მედია-საშუალებებიც ექცევა. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი ”მაუწყებლობის შესახებ“ კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ”საარჩევნო კოდექსის” შესაბამისად.
საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან მაუწყებლებმა საარჩევნო სუბიექტებისათვის უფასო სარეკლამო დრო უნდა გამოჰყონ. აღნიშნულთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ხორციელდება, რომლის მიხედვით, უფასო სარეკლამო დროით ყველა ის პარტია ისარგებლებს, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. ამასთან, არ იგეგმება მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობის გაზრდა.
პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებებს ხელი დღეს მოაწერა.
განკარგულებები, როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
ორივე განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხი მთავრობამ 6 ივნისის სხდომაზე განიხილა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მოიწონა.
საქართველოში როგორც საპარლამენტო არჩევნები, ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.