რუსეთის დუმაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე იფიქრონ. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში დარწმუნებულები არიან, რომ ცოტა ხნის წინანდელმა კონფლიქტებმა გავლენა არ უნდა იქონიოს ორი ქვეყნის ტრადიციულ კულტურულ და ისტორიულ სიახლოვეზე.
საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით ფრაქცია „ლიბერალ-დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი ვიტალი ზალოჩევსკი გამოდის. რუსული მედიის ინფორმაციით, მან დეპუტატების შესაბამისი მოთხოვნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გადაუგზავნა.
ზალოჩევსკის აზრით, 2008 წლის მოვლენებიდან საკმარისი დრო გავიდა და საქართველოს ხელისუფლებაში სხვა ადამიანები მოვიდნენ. დეპუტატი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრობლემის ფონზე, რაც ევროინტეგრაციას უკავშირდება, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენით შესაძლებელი გახდება თბილისის ყურადღების მიქცევა ევრაზიული ინტეგრაციის პერსპექტივებისადმი.
„რუსეთმა უარი არ უნდა თქვას საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე და პერსპექტივაში ის აღდგება. დღეს ამ მიმართულებით საჭიროა გაძლიერებული მუშაობა, მეგობრულ-ძმური ურთიერთობების რეანიმირება, წარსული კონფლიქტებიდან დასკვნების გამოტანა და ერთობლივი განვითარების გზით სვლა. ძლიერია ის, ვისაც საკუთარი შეცდომების აღიარება შეუძლია“, - აცხადებს რუსი დეპუტატი. მისივე თქმით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენით საქართველოც არის დაინტერესებული.