ევროვიზიის ქართველი მონაწილე ანრი ჯოხაძე აზერბაიჯანშია

ევროვიზიის ქართველი მონაწილე ანრი ჯოხაძე აზერბაიჯანშია

ანრი ჯოხაძე პირველია ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილეებს შორის, რომელმაც ბაქოს Crystal Hall-ი დაათვალიერა. ბაქოს Crystal Hall-ის მშენებლობა დასრულდა. ნაგებობა 23 000 მაყურებელს დაიტევს და მზად არის იმისთვის, რომ 57-ე ევროფესტივალს უმასპინძლოს.  ანრი ჯოხაძემ ბაქოს მულტიფუნქციური კომპლექსი მოინახულა და დასუფთავების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა.

ევროვიზიის ქართველი მონაწილე ბაქოში გუშინ გაემგზავრა. იგი EASST-ისა და FIA Foundation-ს პროექტზე ,,Seat Belt Slide“ მიიწვიეს.

ღონისძიება დღეს  გაიმართება და აზერბაიჯანში საგზაო უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პროექტის მსვლელობისას 2011 წლის ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებულის - ნიკის ვიდეო იქნება ნაჩვენები. ნიკი EASST-ის ელჩია და აქტიურად არის ჩართული კამპანიაში.

ცოტა ხნის წინ, EASST-ის (eastern Alliance for Safe and Sustainable Transport) პარტნიორი ორგანიზაციის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენელმა 2012 წლის ევროვიზიის ქართველ მონაწილეს ანრი ჯოხაძეს საგზაო უსაფრთხოების ელჩის წოდება მიანიჭა.

ანრი ჯოხაძემ გადაიღო ვიდეორგოლი, რომელიც საგზაო წესების დაცვას და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას ეხება.

რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 22-სა და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს.