აყეფებული ეროსი

აყეფებული ეროსი

თანამედროვე ეპოქისაგან განსხვავებით, წინა საუკუნის დასაწყისში და შუაში მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე აქტიორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია.

თავდაპირველად, ცნობილი ქართველი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე გავიხსენოთ. ქალბატონ ვერიკოს თეატრი ბავშვობიდან იტაცებდა, განსაკუთრებით ტრაგიკული ვითარების წარმოდგენა ხიბლავდა. იმ პერიოდს შემდეგნაირად იხსენებდა:

“ძილის წინ ხელებს გულზე დავიკრეფდი და წარმოვიდგენდი, ვითომ მოვკვდი. სასტუმრო ოთახის კედელზე დიდი ხალიჩა გვეკიდა, მის უკან თახჩა იყო. იქ შევძვრებოდი ხოლმე, საათობით ვიჯექი სიბნელეში, რაღაც საშინელებას წარმოვიდგენდი, და როცა მართლა შემეშინდებოდა, კივილით გამოვვარდებოდი ხოლმე იქიდან. მსიამოვნებდა, თუ გარშემომყოფთ ვებრალებოდი, სამგლოვიარო მარშს ვუკრავდი, ვტიროდი და მინდოდა, რომ ჩემთან ერთად სხვებსაც ეტირათ“.

შეშფოთებულ მშობლებს ვერიკოს ამგვარი განწყობის მიზეზი ვერაფრით აღმოეჩინათ. ბოლოს თავადვე გამოტყდა: რადგან ულამაზო ვიყავი, თავს აყვანილ ბავშვად ვთვლიდიო.

ეს “ულამაზო ბავშვი” სცენის დედოფალი გახდა, ტრაგიკული როლების უბადლო შემსრულებელი. სამოც წელს იყო მიტანებული, მარია სტიუარტი რომ ითამაშა, სამოცდახუთი წლისამ კი – კოლხი მედეა.

წინა საუკუნის 50-იან წლებში რომის პაპმა იოანე XXIII-მ ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი ითხოვა (ის სხვადასხვა ქვეყნის ქალთა ტიპიურ სახეებს აგროვებდა). მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება არ დაუმალავს ოთხივეს სილამაზის მიმართ და უთქვამს:

„ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) დიდებული ევროპაა! ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთია! ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულია“.

დოდო ჭიჭინაძის სილამაზის შესახებ მსახიობი ლეილა აბაშიძე იხსენებდა:

“იტალიაში ერთ დრამატურგთან მიგვიწვიეს. ოთახში, სადაც სუფრა იყო გაშლილი, ხატების კუთხე ჰქონდათ. ღვთისმშობლის ხატთან ერთად დოდო ჭიჭინაძის სურათი მოეთავსებინათ – ისიც ღვთისმშობლის ხატად აღეთქვათ. როცა ჩვენს უცხოელ მასპინძელს ვუთხარი, რომ ეს ჩვენი მსახიობის, დოდო ჭიჭინაძის სურათი იყო და მისი ხატად აღიარება მკრეხელობად ჩაითვლებოდა, მან კატეგორიულად იუარა, არა, ეს მარიამ ღვთისმშობლის სახეაო. შევეშვი, რაკი ასე ძალიან სურთ, დაე, დოდოშკას სურათზე ილოცონ-მეთქი”.

ალბათ, დრო მოვიდა და მედეა ჩახავაც გავიხსენოთ. ერთხელ ქალბატონმა მედეამ და ეროსი მანჯგალაძემ სცენაზე დაუვიწყარი დუეტი შექმნეს. ამ ამბავს მედეა ჩახავა ხშირად ყვებოდა.

“ეროსი მანჯგალაძეს ყოველთვის ერთი სული ჰქონდა, ჩემთვის რაიმე ემაკვარანცხა. ამ მიზეზის გამო სულ დაძაბული ვთამაშობდი, ყოველ წუთს ველოდი რაღაც “სიურპრიზს”. ერთ დღეს “პეპოს” ვთამაშობდით. პირველი მოქმედება “მშვიდობიანად” დასრულდა, მეორე მოქმედებაში მე – ფეფელამ, ასეთი ფრაზა უნდა ვუთხრა ქმარს, არტაშას:

- არტაშაჯან, წადი... წადი! – და ეროსი უნდა გავიდეს სცენიდან.

არ მიდის.

- წადი, არტაშაჯან! – გავუმეორე.

არ მიდის, არც აპირებს... გავოგნდი.

- წადი!!! – მოვუმატე ხმას.

- ჰავ, ჰავ! – დაიძახა მოულოდნელად. გავშრი...

- ჰავ, ჰავ! – ყეფს ეროსი, ამას გაუძლებდა ადამიანი, მაგრამ მძიმე ნაბიჯებით არ დაიძრა ჩემსკენ ეს აყეფებული არტაშა? რაღა ვქნა, რაღაცა თუ არ მოვიფიქრე, ვიღუპებით. ჯერ მაყურებელი ვერაფერს ხვდება. სხვა გზა არ იყო და – მიაუ, ფხხ! – დავიკნავლე კატასავით. გამხიარულდა და როგორ... ყეფს და ყეფს, “მიაუ, მიაუ.. “. – ვპასუხობ, დასცხეს ტაში დარბაზში, ეგონათ, ასეა საჭიროო...

ასე ჩავათავეთ ის ეპიზოდი. კურიოზი კი ის იყო, რომ რეჟისორმა ეს სცენა მოიწონა და სპექტაკლში შეიტანა”.

ცნობილი ქართველი მსახიობი, სანდრო ჟორჟოლიანი ავტობუსში, ტროლეიბუსსა თუ ტრამვაიში რომ ადიოდა, მგზავრებს უმალ სიცილი აუტყდებოდათ ხოლმე. ეტყობა, მისი როლები აგონდებოდათ. ასე ემართებოდათ ქუჩაში მოსიარულეთაც.

ერთხელ, სანდროს ახლობელს ახალგაზრდა სიდედრი გარდაეცვალა. დასტირიან მიცვალებულს ჭირისუფლები. შევიდა ჟორჟოლიანი სამძიმარზე და მოხდა სასწაული: აქა-იქ სიცილი გაისმა, თვით მიცვალებულის ახლობლებს შორისაც კი. გამოვიდა საწყალი გარეთ და ეზოს კუთხეში განმარტოვდა. მიუახლოვდნენ ნაცნობები და მეორე სასწაულის მოწმენი გახდნენ. ბატონ სანდროს ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის.

- რა მოხდა, ბატონო სანდრო, ცუდად ხომ არ ბრძანდებით?

- იმ ქალის გამომცხვარი ხაჭაპური მეც მიჭამია, სიდედრის კვალობაზე ტკბილი ქალი იყო და ორი კურცხალი კი ეკუთვნის ჩემგან.

- კი, მაგრამ, მეორე კურცხალი? – არ მოასვენეს.

- მეორე ორი კურცხალი, ბიძიკოებო, მე მეკუთვნის, საკუთრად, სულ რომ იცინიან ჩემს დანახვაზე... მაგათ ჰგონიათ, სულ ხუმრობის გუნებაზე ვარ, ეგ კი არა, კუბოში რომ მნახონ, იტყვიან, “კოსტაია” ხუმრობსო.

დღევანდელი წერილის დასასრულს კი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი გავიხსენოთ.

ერთხელ ბატონი ვასო მორიგი სპექტაკლის დასადგმელად პროვინციის თეატრში მიდიოდა. მატარებლის კუპეში რომ შევიდა, დაინახა, ქვედა ადგილას მშვენიერი ახალგაზრდა ქალბატონი იჯდა და გულში პატარა ლეკვი ჰყავდა ჩახუტებული.

რეჟისორს მგზავრი ძალიან მოეწონა. უცებ დაეძგერა და მეტისმეტად ვნებიანად ჩაკოცნა იგი. ქალი გაშტერდა და ძლივს მოიცილა მოძალადე.

- თქვენ რამე ხომ არ გეშლებათ?! – უყვირა მანდილოსანმა.

- როგორ გეკადრებათ, ქალბატონო? რომ მეშლებოდეს, მაშინ ძაღლს დავეტაკებოდი!