“მოსყიდვის შანსი არა მხოლოდ მსაჯულის, ადვოკატის და პროკურორისაც არსებობს”

“მოსყიდვის შანსი არა მხოლოდ მსაჯულის, ადვოკატის და პროკურორისაც არსებობს”

ქართული მართლმსაჯულებაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ოფიციალურად ამოქმედდა. პირველი პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს. რამდენად არის მზად ქართული მართლმსაჯულება სიახლის მისაღებად და რას შეცვლის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება  ამ საკითხებზე პრესა.გე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს ესაუბრა.   

 

კოტე კუბლაშვილი: დიდი იმედი მაქვს, რომ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოს სამართლის სისტემაში დამკვიდრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა ამ ინსტიტუტის არსს კარგად გაიგებს. შესაბამისად ეფექტიანად გამოიყენებს ამ მექანიზმს და განახორციელებს პირდაპირ დემოკრატიას. რადგან ნაფიც სამჯულთა ინსტიტუტი პირდაპირი დემოკრატიის ერთ-ერთი ფორმაა. სადაც  მოქალაქე თავად იღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ამ სისტემის შემოღება მეტად გაზრდის მოქალაქეთა პასუხისმგებლობას, მათ ჩართულობას საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში.

 

როდესაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებაზე დაიწყო საუბარი, საზოგადოება ამ ინიციატივას დადებითად არ შეხვდრია. დღეს რამდენად არის მზად მის მისაღებად?

– მეტად ალბათ, ვიდრე 2-3 წლის წინ. რადგან ჩვენ სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ, რათა განგვემარტა მოსახლეობისთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი. თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა იმიტირებული პროცესები და ამ პროცესებში არა მსახიობები, არამედ რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

 

ამდენად, მაქსიმუმ 50 ადამიანს მაინც აქვს გამოცდილება, დაჯდეს პროცესზე, მოისმინოს და შემდეგ თავად მიიღოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას, ამ ინსტიტუტის მისაღებად აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის თუ არა, ამას უკვე დავინახავთ იმ პირველი ორი თვის განმავლობაში, როდესაც სისტემა ამოქმედდება. სწორედ ამიტომაც დავგეგმეთ პროექტის პილოტურად და ეტაპობრივად განხორციელება ერთი კონკრეტულ დანაშაულზე. პირველი 4 წელი გარკვეულწილად იქნება დაკვირვების და შეგუების პერიოდი.

 

იყო შენიშვნები იმასთან დაკავშირებითაც, რომ  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჯერ მხოლოდ დედაქალაქში იმოქმედებს.

– ამ ნაბიჯს ჰქონდა თავისი მიზეზები. ჯერ ერთი, რომ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში თბილისში არცთუ ხშირად ხდება. ასეთი საქმე შეიძლება წელიწადში 15 მაქსიმუმ 20 იყოს. ეს კი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა კარგად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და გააცნობიერონ მათ წინაშე მდგარი პასუხისმგებლობა. ჩვენ უკვე შევძლებთ გავაანალიზოთ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. რადგან ახალ სისტემასთან შეგუება, მხოლოდ მოქალაქეებს კი არა, პროკურატურას და ადვოკატურასაც მოუწევს.

 

პრაქტიკოს ადვოკატთა არცთუ მცირე ნაწილი ახალი ინსტიტუტის მიმართ სკეპტიკურ განწყობას არ მალავს. ამბობენ, რომ ეხ სელისუფლებას სასამართლოს პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე გადანაწილებისთვის სჭირდება.

– მე ველი იმას, რომ ამ ინსტიტუტის დამკვიდრებით სასამართლოს მიმართ მოსახლეობის და, სულ მცირე, იმ ადამიანების განწყობა, ვინც ნაფიც მსაჯულად შეირჩევა, იქნება გაცილებით უფრო ობიექტური, რადგან ისინი საკუთარი თვალით ნახავენ, როგორ მუშაობს სასამართლო. რომ პროცესზე ყველაფერი სერიოზულად და ღრმად შეისწავლება. მოსამართლეც და თანამშრომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეებს. ეს სასამართლოს მიმართ ზედაპირულ და გარეგან განწყობებს შეცვლის.

 

იურისტები ხომ უკეთესად ერკვევიან ამ საკითხებში, მათი განწყობაც ასეთივე რატომაა?

– ადვოკატთა გარკვეულ ნაწილს ასეთი განწყობა მართლაც აქვს, მაგრამ არა – ყველას. ბევრი გონივრულად და ადეკვაქტურად აფასებს ამ ცვლილებებს. ისინი, ვინც სკეპტიკურად არიან განწყობილნი, კარგად თუ დაფიქრდებიან და გააანალიზებენ, მიხვდებიან, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება, მათთვის გაცილებით ხელსაყრელია, რადგან ის საშუალებას აძლევს, კარგად დაიცვან მათი დაცვის ქვეშ მყოფი.

 

ნაფიცი მსაჯულები არ იქნებიან პროფესიონალი იურისტები. ამდენად, მხარეებს აქვთ სერიოზული შესაძლებლობა მათზე ეფექტის მოხდენისა. ამის გამო სამართალი განზე ხომ არ დარჩება?

– არა, რადგან ნაფიცი მსაჯულები მსჯელობენ მხოლოდ ფაქტებზე. ფაქტი არ არის სამართალი. ფაქტი სამართალი ხდება მაშინ, როდესაც იურისტი მის კვალიფიკაციას და ინტერპრეტაციას აკეთებს. ეს ადამიანები, რომლებიც არ იქნებიან იურისტები, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, საღი თვალით შეხედავენ ამ ფაქტებს და შეაფასებენ, როგორც ადამიანები და არა როგორც იურისტები. მხარეებმა ბუნებრივია შესაძლოა მოახდინონ გავლენა ნაფიც მსაჯულებზე და  ასეც უნდა იყოს. ეს მოსამართლის მიერ წარმართულ პროცესზეც ასეა. როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარე ცდილობს გავლენა მოახდინოს მასზე, დაარწმუნოს საკუთარი პოზიციის სისწორეში ის, ვინც გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.

 

კანონში წერია, რომ ვერდიქტის გასაჩივრება მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში შეიძლება. ისიც მხოლოდ პროცესუალური დარღვევების ნაწილში. ეს რას ცვლის?

– გამამართლებელი ვერდიქტი არ საჩივრდება. თუ დაცვის მხარე ჩათვლის, რომ მისი  კლიენტი დაუმსახურებლად გაამტყუნეს, მას შეუძლია გაასაჩივროს საპროცესო დარღვევები, რადგან ეს მეტად მნიშვნელოვანი დარღვევაა. ისეთი, როგორიცაა ვთქვათ ის, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომლის წარმოდგენაც არ შეიძლებოდა. მაგალითად უკანონო გზით მოპოვებული მტკიცებულება. მოსამართლემ არ დაუშვა ასეთი მტკიცებულება, მაგრამ ბრალდების მხარის ქმედებამ გავლენა მოახდინა ნაფიც მსაჯულებზე. ასეთი დარღვევების დროს განაჩენი არ შეიცვლება, მაგრამ საქმე დაბრუნდება ხელახალ განხილვაში და მას ნაფიც მსაჯულთა სხვა შემადგენლობა განიხილავს.

 

რა დრო ექნებათ ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მისაღებად?

– იმისთვის, რომ ეს პროცესი დროში არ გაიწელოს, ვადა კანონმდებლობით განისაზღვრა. თავდაპირველად მსაჯულებს მიეცემათ დრო, ერთხმად მიიღონ გადაწყვეტილება. შემდეგ უკვე 10 მსაჯულის პოზიცია მაინც უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. თუ ესეც არ მოხდა, დაიშლება ნაფიც მსაჯულთა ეს შემადგენლობა და საქმეს ახალი ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მათაც თუ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, უკვე ავტომატურად გამოდის გამამართლებელი განაჩენი.

 

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეს არ სურს იყოს ნაფიცი მსაჯული?

– თუ ეს უარი დაუსაბუთებელია და აუცილებლობით არ არის გამოწვეული მას ჯარიმა დაეკისრება.

 

ეს გარკვეულწილად მოქალაქის იძულება, ხომ  არ არის?

– ეს არა იძულება, არამედ მისი ვალდებულებაა. მოქალაქეს უფლებებთან ერთად აქვს ვალდებულებებიც. ნაფიცი მსაჯულობა ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება იქნება. თანაც ეს იქნება ძალიან საპატიო, რადგან შენ ხალხის ნაწილი ხარ, იმ ხალხის, რომელიც ხელისუფლების წყაროა და გაქვს შესაძლებლობა, რომ აქამდე თუ ვერ ერეოდი სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, ახლა თავად გამოიტანო გადაწყვეტილება.

 

მსაჯულების მოსყიდვის ალბათობა არ არსებობს?

– ალბათობა ყველაფრის არსებობს, მოსყიდვის შანსი არა მხოლოდ მსაჯულის, ადვოკატის და პროკურორისაც არსებობს. ეს რისკები ამ გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინეთ, რადგან ამ სისტემის რისკები და უპირატესობები ყველა შემთხვევაში უნდა დაგვენახა. დადებითი უფრო მეტია ვიდრე რისკი. რისკების განეიტრალება, ასე თუ ისე, შეიძლება და ამიტომ ამ პროექტის განხორციელება მაინც გადავწყვიტეთ.

 

ეს იქნება ტესტი ქართული მართლმსაჯულებისთვის. როგორ ფიქრობთ, წარმატებით ჩააბარებთ?

– ეს ტესტი არა მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა  მას კარგად მიიღებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ტესტს წარმატებით ჩავაბარებთ.