ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონის 1 კვარტალში, მე-6 კორპუსის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, რომელიც, მათი მტკიცებით, ღამის საათებში მიმდინარეობს.
„აქ მიმდინარეობს კორპუსის მშენებლობა, რომელიც გავასაჩივრეთ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეაჩერეს. 23 მაისიდან პროცესი თვითნებურად განაახლეს, თუმცა ღამის საათებში მუშაობენ - ახლაც, ამ წუთებში ბეტონის ჩასხმის სამუშაოები მიმდინარეობს და არის საშინელი ხმაური - სახლებში ბავშვები, ხანდაზმულები გვყავს. ამის გამო პატრული გამოვიძახეთ, თუმცა როგორც გვეუბნებიან, ხმაურის შეჩერების უფლება არ აქვთ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნინო გედენიძემ.
მისივე განმარტებით, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მშენებლობის შეჩერებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ სამუშაოებს მაშინვე განაახლებენ, როგორც კი პატრულის თანამშრომლები ტერიტორიას დატოვებენ.
„გვითხრეს, მთელი ღამე ვიმუშავებთ, ადექით და გაგვაჩერეთო. ამის გამო კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის სიტყვიერ შეხლა-შემოხლას აქვს ადგილი, თუმცა აქ საპატრულო პოლიციის 5 ეკიპაჟი იმყოფება“, - აღნიშნა გედენიძემ.
ადგილობრივების განცხადებით, დაშლას არ აპირებენ და საპროტესტო აქციის გაგრძელებას იქამდე გეგმავენ, ვიდრე მშენებლობა არ შეწყდება.
"ცოტა ხნის წინ ადგილზე კომპანიის დირექტორი მოვიდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ცალკე გაიყვანა და ესაუბრა, უკან დაბრუნებულმა კი მუშებს მშენებლობის გაგრძელების დავალება მისცა. ჩვენ ვაპირებთ ჩავიდეთ მშენებლობის ადგილზე და დავჯდეთ იქ, რათა მათ ამ შუაღამისას ბეტონის ჩასხმის სამუშაოების გაგრძელების უფლება არ მივცეთ. პატრული აქ არის, თუმცა ამბობს, რომ სამუშაოების შეჩერების უფლება არ აქვს. გვაინტერესებს, რა არის პატრულის ფუნქცია და საერთოდ რისი უფლება აქვს?", - განმარტა ადგილობრივმა მცხოვრებმა.