ნებისმიერ ბიზნესმენს, ვისაც არ უნდა დაელაპარაკოთ, ყველა გეტყვით, რომ არავინ არავის არ აწუხებს და ყველა არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებასა და არჩევანში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა ეფექტური მთავრობის ბიზნესთან ურთიერთობა, იმ ფონზე, როცა ბიზნესი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღება ან მიიღება ისეთი დიდი დაგვიანებით, რომ პრობლემა იქმნება ამ დაგვიანების გამო, ქუმსიშვილმა უპასუხა, რომ შენიშვნების ნაწილს ”იზიარებს”.
”ნაწილს ალბათ გავიზიარებ, თუმცა მინდა მოგახსენოთ, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დიდ პროექტებზე, არ არის ისე, რომ თვითონ ინვესტორიც მოდიოდეს ყველა მოთხოვნაზე, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია. მოლაპარაკებებს სჭირდება დრო. როცა საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონიან პროექტზე, ან თუნდაც 50 მილიონიან პროქტზე, ინვესტორებს ხშირად აქვთ კონკრეტული მოთხოვნები, სახელმწიფოს აქვს თავისი მოთხოვნები და, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. როცა ვამბობთ და ვამაყობთ, რომ ბიზნესი გათავისუფლდა სახელმწიფოს წნეხისაგან, ეს არის ფაქტი, ეს ფაქტი არ არის მხოლოდ ჩვენი შეგრძნებები, თუმცა ნებისმიერ ბიზნესმენს, ვისაც არ უნდა დაელაპარაკოთ, ყველა გეტყვით, რომ არავინ არავის არ აწუხებს და ყველა არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებასა და არჩევანში. გარდა ამისა, ჩვენ როგორც კონკურენტუნარიანობის ინდექსით, 77-ე ადგილიდან ჩამოვედით 66-ე ადგილზე, ასევე საკუთრების დაცვის კუთხით 128 ქვეყანას შორის 120-ე ადგილზე ვიყავით და 58-ე ადგილზე ჩამოვედით. ეს არის კონკრეტული სტიმულები, რომ ბიზნესი განვითარდეს და ბიზნესს მიეცეს შესაძლებლობა შექმნას სამუშაო ადგილები”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში.