საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ახალ განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ხელი 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს.
კანონმდებლობის მიხედვით, კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში უნდა გამოქვეყნდეს, არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია იწყება.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ბრძანებას მოეწერება ხელი, ამოქმედდება აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.
ამასთან, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არჩევნებამდე 4 თვით ადრე - 8 ივნისიდან გადავიდეს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მთავრობა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირის ახალ განკარგულებას მინისტრთა კაბინეტის მომავალი კვირის სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე განკარგულება დღეს გამოსცა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერილი განკარგულება კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა.
"საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერით უკვე გადაეგზავნა პრემიერ-მინისტრს.
"კანონით გათვალისწინებულ ვადაში ველოდებით კონტრასიგნაციას პრემიერის მხრიდან", - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.