"დასანანია, როდესაც ჟურნალისტი რესპონდენტს, პასუხის დასრულების საშუალებას არ აძლევს"

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მას ხშირად მოუსმენია, რომ ის მზად არის ამომწურავად უაპსუხოს საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას.

ვიცე-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას ეს ინტერვიუ არ მოუსმენია, თუმცა სოციალურ ქსელში ნახა, თუ რა განწყობებია ამ ინტერვიუს მიმართ.

"დასანანია ის, როდესაც ჟურნალისტი იწვევს რესპოდენტს და არ აძლევს შესაძლებლობას დასმულ კითხვაზე დაასრულოს პასუხი და შემდეგ დაუსვას მომდევნო შეკითხვა. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხარვეზს და პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, როდესაც პოლემიკა იმართება, ეს ნორმალურია. მე ბატონი ივანიშვილის მხრიდან არაერთხელ მომისმენია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ყოველთვის მზად არის, უპაუხოს ყველაზე მწვავე კითხვებსაც კი და თუ გადავხედავთ მის შეხვედრებს, აშკარად ჩანს, რომ ის მაქსიმალურად ამომწურავად პასუხობს ყველა დასმულ შეკითხვას",- განაცხადა კახა კალაძემ.