თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციური ძალა, ე.ი. სასამართლო გათავისუფლდა ოპოზიციისგან

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციური ძალა, ე.ი. სასამართლო გათავისუფლდა ოპოზიციისგან

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციური ძალა, ე.ი. სასამართლო გათავისუფლდა ოპოზიციისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განუცხადა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ლევან მურუსიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წნეხისგან გათავისუფლდა.

მურუსიძის თქმით, სასამართლო დღესდღეობით არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის და არც ლევან მურუსიძესია.

„ზოგიერთს ჰგონია, რომ ცნობილი მულტფილმის მსგავსად, სოფელი სიმღერით აშენდება, მე მოვუწოდებ პოლიტიკოსებს და ყველას, როდესაც საუბრობენ სასამართლოზე, პატივისცემით მოექცნენ სასამართლო ხელისუფლებას. ხარვეზები გვაქვს, მაგრამ სასამართლო დღეს დამოუკიდებელია. ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ სასამართლო არის ან ხელისუფლების, ან ოპოზიციის. სასამართლო იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას სწორად მიაჩნია. მე პატივს ვცემ ყველა იმ მოსამართლეს, ვინც დღეს მართლმსაჯულებას ასრულებს. ეს მოსამართლეები ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე. ლანძღვა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია“, - განაცხადა მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინფორმაციით, როდესაც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, საუბრის თემა სასამართლოში არსებული პრობლემები, მათ შორის, ხელფასების მომატების და სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხები იყო.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასამართლო ასეთი დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა. მოსამართლეები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ყველას მოვუწოზდებ, თავი დაანებონ უპასუხისმგებლო განცხადებებს. ხომ ყველა თანხმდება, რომ ადრე სასამართლოზე ხელისუფლების გავლენები იყო. იმაზეც ხომ ვთანხმდებით, რომ სასამართლო დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადრე იყო. იმედი, მაქვს, მომავალში სასამართლო კიდევ უფრო უკეთესი გახდება. სასამართლო გათავისუფლდა ხელისუფლებისგან, გათავისუფლდა ოპოზიციისგან. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციური ძალა, ე.ი. გათავისუფლდა ოპოზიციისგან. ეს ეხება ყველა ოპოზიციურ პატიას და ხელისუფლების ყველა შტოს“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ამხელა ზეწოლა მურუსიძეზე „ნაციონალური მოძრაობისგან“, მისგან მართული მედიისა და NGO-ების მხრიდან მიანიშნებს, რომ მან მოახერხა თავი დაეღწია „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლისთვის, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “ინტერVIEW”-ში განაცხადა.