რატომ მოხდა ისე, რომ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი მხოლოდ ”ქართული ოცნების” მომხრეებს წაეყენათ, როცა ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ჩხუბში ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და მათი ლიდერებიც იყვნენ ჩართული? - აღნიშნულ კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სვამს.
დეპუტატს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბრალის წაყენების თაობაზე ნაჩქარევად მიაჩნია. მისი თქმით, სჯობს, ჯერ სრული სიმართლე დადგინდეს და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.
”მებადება კითხვა, ნუთუ ამხელა ინციდენტში მხოლოდ ”ქართული ოცნების” მხადამჭერები იყვნენ დამნაშავეები? სხვა კითხვას არ ვსვამ. რატომ მოხდა ისე, რომ ამხელა აურზაური და ცემა-ტყეპა გაიმართა მხოლოდ იქ, სადაც ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ყველანაირი არეულობის ცნობილი ინსპირატორები იყვნენ წარმოდგენილი? - მაინტერესებს, ვინ არიან მომხდარის ინპირატორები. მე ამ გადაწყვეტილებით კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ რაკი გამოძიება გრძელდება, იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” კვაჭანტირაძემ.
კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, 15:00 საათზე გაიმართება.
ბრალდების მხარე ექვსივე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი 6 პირს 1-ელ ივნისს წაუყენა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს ერთმანეთს ფიზიკურად ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.