ერთხელ უკვე სახელმოხვეჭილი ჯანსუღ კახიძე ბაღდათში ნათესავის გასვენებაში ჩავიდა. ძველი თაობის ხალხს ემახსოვრება, როგორი მარიფათი და ნაცნობობა სჭირდებოდა მაშინდელი ქელეხისთვის სამყოფი თევზეულის შოვნას.
როგორც ცნობილ კაცს, ნათესავებმა ეს მისია ბატონ ჯანსუღს მიანდვეს და ქუთაისში გაგზავნეს.
ჯანსუღი საჭირო ადგილზე მივიდა და როგორც თავად იხსენებდა, საოცრად მოწყენილი გამგე დახვდა.
კომპოზიტორმა დაწესებულების უფროსთან საკუთარი დამსახურებათა ჩამოთვლა დაიწყო. “საზკვების” მუშაკი არ უსმენდა და გულგრილი სახით სადღაც სივრცეში ყურებას აგრძელებდა.
უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მასპინძელს სახე გაუნათდა და კომპოზიტორს შეეკითხა:
- შენ ვანიკოს ბიჭი არა ხარ?
- დიახ.
- მერე, რას ბოდიალობ, შე კაცო, გაატანეთ ამას “ასეტრინა”! – გასცა ბრძანება შუბლგახსნილმა გამგემ.