ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტი გაიხსნა

ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტი გაიხსნა

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა დუგლას ბოლიმ ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტი გახსნეს. ღონისძიებას ასევე, ესწრებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საზოგადოებრივი და კერძო სექტორების წარმომადგენლები, სამეცნიერო საზოგადოება და ექსპერტები.

სამიტი ეძღვნება ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას და ასევე, თურქეთის რესპუბლიკასთან და სხვა ქვეყნებთან საქართველოში წარმოებული ელექტრონერგიით კონკურენტული ვაჭრობისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას.

სამიტის მიზანია საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების მიმოხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ელექტროენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

„ჩვენი ხელისუფლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონალური პარტნიორობის ხელშეწყობა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორში. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად ვაგრძელებთ მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ხაზგასამელია წარმატებით განხორციელებული  „შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტი“. შედეგად მოგვეცა შესაძლებლობა მოვამარაგოთ ჯერ თურქეთის ენერგეტიკული ბაზარი, ხოლო შემდგომ ევროკავშირის ქვეყნები განახლებადი ენერგიით.

ჩვენი ამოცანაა საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულოს ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში, შესაბამისად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისა და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში.“ - განაცხადა კახა კალაძემ.