ამგვარ ვერდიქტამდე კი მუსიკოსმა თითქმის ნახევარსაუკუნოვანი საკმაოდ იღბლიანი მუსიკალური კარიერა განვლო, სადაც მაინცდამაინც ვერაფერს ვხედავთ ალოგიკურსა, თუ დროიდან ამოვარდნილს. შემოქმედებითი ამოწურვაც კი იან გილანს „დროულად“ დაემართა და 70–იანების შუახანს საკმაოდ უცნაური ალბომები ჩაწერა, თუმცა მისი ერთგული მსმენელისათვის Scarabus და Clear Air Turbulence-ც კი ვირტუოზი მუსიკოსების თანხლებით ჩაწერილი ღიმილისმომგვრელი სასიამოვნო ალბომებია...
გილანის მუსიკალური კარიერა 60–იანების შუახანს დაიწყო და მრავალი მისი თანამოაზრე ვოკალისტის მსგავსად, პარალელურ რეჟიმში საათობით სარკის წინ ელვის პრესლის მიბაძვაში გამოიხატა. მალე Episode Six-იც გამოჩნდა და მომღერალმაც თავისდაუნებურად მორისონისა, თუ ჯეგერის ქავერების შესრულება დაიწყო. თუმცა აქვე გაირკვა, რომ მისი „დაკივლება“ როიალის უკანასკნელ ოქტავასაც კი ფარავდა, ხოლო ხმის ტემბრის შესაძლებლობები კი როკ–ვოკალისტისათვის პრაქტიკულად შეუზღუდავი იყო.
ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია 1969 წლისათვის უკვე აღიარებულ Deep Purple–ს წევრებს და მომღერალსაც მეტად უცნაურ ამპლუაში მოუწია ახალ პარტნიორებთან სცენაზე დამეგობრება. საქმე ისაა, რომ ჯონ ლორდმა და რიჩი ბლეკმორმა ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლის დალაშქვრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერილი კონცერტით გადაწყვიტეს, ხოლო გილანის ეპიზოდური როლი ალბომში Concert For The Group And Orchestra ორი მელანქოლიური ვოკალ პარტიით შემოიფარგლა. ამავე სცენაზე დაკრულ Hush-სა და Child In Time-ს, მსმენელი მოგვიანებით, ალბომში Powerhouse გაეცნო. მთავარი კი წინ იყო.
1970 წელს ჩაწერილი Deep Purple In Rock როკ-ვოკალის ჭეშმარიტ შედევრად იქცა და ჯგუფის მსმენელს ამოუხსნელი თავსატეხი გაუჩინა - მაინც რომელ ალბომშია უძლიერესი იან გილანი, აქ, თუ – მომდევნო. ფაქტი ერთია, თუკი იან გილანმა და ჯგუფში მასთან ერთად მოსულმა ბას გიტარისტმა როჯერ გლოვერმა Deep Purple In Rock-ში შემოქმედებით სრულყოფილებას მიაღწიეს, სხვებს ეს გზა კიდევ გასავლელი ჰქონდათ. ეს, თუნდაც 1972 წლის საკონცერტო Made In Japan-სა და მანამდელ ლაივ ალბომებს შორის სხვაობამ დაგვანახა...
Its’s A Beautiful Day-ის Child In Time-ად ქცეულმა Bombay Calling-მა კი სერ ენდრიუ ლოიდ უებერს აშკარად დაანახა იან გილანის „სქრიმინგით“ გამოხატული იესოს პარტიის კულმინაცია, რის გარეშეც „სუპერვარსკვლავი“ადგილ-ადგილ ისეთივე უნიათო იქნებოდა, როგორც უკვე ფილმში გილანის ნაცვლად გადაღებული ტედ ნილი.
Deep Purple In Rock საოცარ ტემპერამენტთან ერთად, უაღრეს ბრიტანულობას ავლენს. აი უკვე მომდევნო შედევრები Fireball და Machine Head კი მეტ-ნაკლებად ფანკურ რიტმსაც მოიცავდა, რასაც ამერიკულ ბაზარზე დამკვიდრება ითხოვდა. ზემოთხსენებულ Made In Japan-ში იან გილანმა ისე დასჭექა, რომ სტუდიური ალბომების თითქოს სრულყოფილი ვოკალ-პარტიები, ემოციურ ფონზე კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა. რაღა უნდა შეექმნა ამ პერიოდში ჯგუფს? დრომ დაგვანახა, რომ მომდევნო ალბომი Who Do We Think We Are, გილანსა და ბლეკმორს შორის დაძაბულობის მიუხედავად, საკვირველად თბილი და მელოდიური, ხოლო ვოკალური თვალსაზრისით, წინამორბედებზე არანაკლებ ძლიერი გამოვიდა.
70-ების შუახანი, გილანისათვის ურთულესია. Deep Purple-დან წასვლამ იგი ლოთობასა და დეპრესიაში ჩააგდო, ამას როჯერ გლოვერის The Butterfly Ball-ის სცენაზე დევიდ კოვერდეილთან ერთად გამოსვლა დაემატა. ეს არაფერი; ყველაზე მძიმე იდეებისაგან გამოფიტვა იყო. თუმც, გილანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გვერდში ყოველთვის საუკეთესო მუსიკოსებს უყრიდა ხოლმე თავს და ფონს მათთან ერთად, შედარებით ადვილად გადიოდა.
ასე, ჯერ კიდევ პირველ Ian Gillan Band-ში, მასთან პიანისტი კოლინ თაუნსი, ბასისტი ჯონ გუსტაფსონი და გიტარისტი რეი ფენვიკი უკრავდნენ, ხოლო უკვე Gillan -ში კი მისი ძველი პარტნიორი და Deep Purple-ში გადასვლის მაინსპირირებელი Episode Six-დან - დრამერი ნიკ ანდერვუდი და ოზი ოსბორნის რენდი როუდსის დარი გიტარისტი ბერნი ტორმი გამოჩნდნენ. ალბომი Glory Road გილანის ამ პერიოდის შემოქმედებიდან უამრავი ნაკლოვანების მიუხედავად, საუკეთესოა და კარგად სმენადი. უბრალოდ იან გილანის გარეშე ეს ნამუშევარი, ალბათ ჯო ლაინ ტერნერის რომელიმე რიგით ალბომს დაემსგავსებოდა.
Deep Purple In Rock-დან 10 წლის შემდეგ, ერთი შეხედვით, გილანის ტემბრს თითქოს საშიშროებას არაფერი უქადის, თუმცა მას სუპერსტარისეული სიხალასე უკვე დაკარგული აქვს...
საინტერესოა მომღერლის მოღვაწეობის მომდევნო ეტაპი. 70-იანების ბევრი როკ-ვოკალისტისაგან განსხვავებით, გილანმა 80-ები საკმაოდ შინაარსიანად განვლო. თუკი Black Sabbath-თან გილანის ერთობლივ ალბომს მსმენელები არაერთგვაროვნად აფასებენ, ვერვინ დაუკარგავს მას შესანიშნავად ნამღერ ურთულეს ვოკალ პარტიებს. სცენაზე Black Sabbath-მა ნებსითა, თუ უნებლიედ Deep Purple-ს რეპერტუარის დაკვრაც დაიწყო. პუბლიკის ოვაციებიდან გამომდინარე კი Deep Purple-ს ხელახალი შეკრება მხოლოდ დროის საკითხი იყო. Perferct Strangers-მაც არ დააყოვნა და 1984 წელს მსმენელს უამრავი საფიქრალი გაუჩინა.
საინტერესო ის იყო, რომ კონცეპტუალურად ჯგუფი უფრო რიჩი ბლეკმორის Rainbow-თან იდგა ახლოს, ვიდრე Deep Purple -თან, ამას კი ყურისათვის შეუჩვეველი იან პეისის ახლებური დრამ-ხმოვანება ემატებოდა. გილანი აქ კარგია, თავის საქმეს ასრულებს, მაგრამ ციდან ვარსკვლავებს უკვე ნამდვილად ვეღარ წყვეტს. მეტიც, 80-იანების საკონცერტო ჩანაწერებში, იგი მაინცდამაინც შთამბეჭდავად ვერ გამოიყურება...
ჯგუფში მორიგმა უთანხმოებამ წყალი პირველ რიგში ქართველი მსმენელის წისქვილზე დაასხა, რადგან 1990 წლის 23-დან 27 მაისის ჩათვლით იან გილანმა თბილისის სპორტის სასახლეში 5 კონცერტი ჩაატარა და თბილისელებს თავი ქორწილითაც დაგვამახსოვრა.
1993 წლიდან იგი კვლავაც Deep Purple -ს უცვლელი წევრია. რიჩი ბლეკმორისა და შემდეგ ჯონ ლორდის წასვლის შემდეგ კი ვეტერანმა მომღერალმა უკვე ჯგუფის ლიდერობაც იტვირთა.
მართალია, Deep Purple ალბომებს ეპიზოდურად იწერს და მსმენელთა სასიხარულოდ მორიგ სტუდიურ ალბომს მომავალი წლისათვის გეგმავს, მაგრამ წელიწადი არ გავა ისე, რომ იან გილანისაგან რაიმე ახალი არ შევიტყოთ, იქნება ეს სოლო ალბომი, თუ რომელიმე მუსიკოსთან პარტნიორობა. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი მუსიკალური თვალსაწიერის მიუხედავად, ზოგიერთი კოლეგისაგან განსხვავებით, გილანი საფუძვლიანი როკ-მენია და როკ’ნ’როლის მრწამსს - „მუსიკა უნდა იყოს ქარიშხალივით და ვითარცა ტალღა იტაცებდეს მსმენელს“ არ ღალატობს.
ვინ იცის, ამიტომაცაა, რომ Deep Purple სახელოვანი ირლანდიელი ფეხბურთელის - ჯორჯ ბესტის უსაყვარლესი ჯგუფი იყო. იან გილანმა სასცენო მოღვაწეობის 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმი დიდი ფეხბურთელის ხსოვნას მიუძღვნა, ხოლო თავად კი მუსიკოსობის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პერიოდი, შეიძლება ოდნავ „დამჯდარი“, მაგრამ მაინც ახოვანი ხმით აღნიშნა. შარშან Deep Purple-ს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერილი კონცერტით, იან გილანმა კიდევ ერთხელ ცხადყო საკუთარი თავის აუცილებლობა 21–ე საუკუნის როკ-სცენისათვის.