ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები მოსამართლე ბუგიანიშვილს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები მოსამართლე ბუგიანიშვილს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, ბუგიანიშვილს 14-დღიანი ვადა ჰქონდა მხარეებისთვის განაჩენისა და შესაბამისად საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების გადასაცემად, თუმცა ვადის გასვლის მიუხედავად, ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატებს განაჩენი ჯერ არ მიუღიათ.

სამუშიას ინფორმაციით, მოსამართლეს განაჩენის მათთვის გადასაცემად განსაზღვრული ვადა დღეს, 09:30 საათზე ამოეწურა.

”განაჩენის ჩაბარების ბოლო ვადა იყო 30 მაისის 09:30 საათი. გამოვცხადდით სასამართლოში და მივმართე ბუგიანიშვილს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად ჩვენთვის განაჩენი გადმოეცა. ამის შემდეგ დამიკავშირდა მისი თანაშემწე და მითხრა, რომ რადგან საქმე საიდუმლოებას შეიცავდა, განაჩენის გადმოცემის საკითხი გამერკვია სასამართლოს საიდუმლო კანცელარიასთან. ასეც მოვიქეცი, თუმცა იქ განმიცხადეს, რომ მათთვის განაჩენი არავის გადაუცია ანუ მოსამართლე ბუგიანიშვილი არღვევს კანონს, გვზღუდავს მხარეებს”, - განაცხადა სამუშიამ.

მისივე შეფასებით, განაჩენის დასაბუთება ”უბრალოდ წარმოუდგენელია”.

”კიდევ ერთი კვირა და ერთი წელიც რომ ჰქონდეს ვადა, ამ განაჩენს ვერანაირი იურისტი ვერ დაასაბუთებს”, - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლომ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.