ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ხელსაყრელ დროს, მზად ვიქნებით და ევროატლანტიკური სტრუქტურებში შევალთ მაშინვე, როგორც კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კარის გაღებას შეძლებენ - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წერილში, რომელშიც ”ქართული ოცნების” გასული 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებას და სამომავლო გეგმებს ეხება.
ქვეყნის საგარეო კურსზე და ორიენტირებზე საუბრისას, ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია და ნატო-ს წევრობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტია.
”ვინაიდან ჩვენი კეთილდღეობა მხოლოდ დემოკრატიას და თავისუფალ გარემოს უკავშირდება, ცხადია ისიც, რომ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია, ნატო-ს წევრობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენთვის კითხვები არ არსებობს.
ჩვენი სახელმწიფოს საგარეო კურსი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალ არჩევანს, რომელიც ემყარება ისტორიულ და ფასეულობრივ კავშირს დასავლურ სამყაროსთან და ეს არაერთხელ იქნა დადასტურებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით და, მათ შორის, პლებისციტითაც.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სწორედ ამ არჩევნის განხორცილებისთვის - ატარებს რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და საქართველო რეალურად გახდეს ევროპული ეკონომიკის და ევროპული მოწყობის ქვეყანა”, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, დღეს საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა დემოკრატიის განვითარებისა და ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. საქართველოს ბიზნესგარემო საუკეთესოა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნებსაც ყველაზე უკეთ ჩვენ ვაკმაყოფილებთ.
”საგარეო ორიენტირებზე საუბრისას საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გარანტი და მხარდამჭერი. ძნელბედობის ჟამს სწორედ ამერიკამ გაუწია ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი ფინანსური, სამხედრო-პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა ძალიან მაღალ ხარისხში ავიდა და, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მომავალში საქართველოს უსაფრთხოება და პოლიტიკურ-ეკონომიკური წარმატებები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სწორედ ჩვენს მთავარ პარტნიორთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების საკითხი უახლოეს დღის წესრიგში არ დგას. ასევე გარკვეული ლოდინი დაგვჭირდება, ვიდრე ნატოს წევრები გავხდებით, რადგან ეს რთული გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილია და მხოლოდ ჩვენს სურვილსა და მზადყოფნაზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს სპეკულირების და, მით უმეტეს, იმედგაცრუების საბაბად.
საქართველოს საგარეო კურსი და ორიენტირი ერთმნიშვნელოვნად არის ევროატლანტიკური მიმართულება! ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ხელსაყრელ დროს, მზად ვიქნებით და ევროატლანტიკური სტრუქტურებში შევალთ მაშინვე, როგორც კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კარის გაღებას შეძლებენ”, - ნათქვამია ივანიშვილის ღია წერილში.