დეპუტატები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან

დეპუტატები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან

დეპუტატები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

როგორც დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, პრეზიდენტს სავარაუდოდ გარკვეული შენიშვნები წარმოდგენილი ექნება იმ მოსაზრებებიდან, რომელიც ვენეციის კომისიის ცალკეული წევრების მიერ გამოითქვა.

„ამ კვირაში ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შემდეგ ვიმსჯელებთ შენიშვნებზე, რომელზეც იქნება საუბარი. თუმცა მთლიანობაში, მე ვფიქრობ, რომ წინასწარი მოსაზრება, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოგვიგზავნა, უმრავლესობა არის მხარდაჭერილი და მოწონებული ჩვენს მიერ. იქ პირდაპირ არის მითითებული, რომ ეს აძლიერებს საკონსტიტუციო სასამართლოს. 3 საკითხზე არის განსხვავებული პოზიცია და ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, როგორ მოიქცევიან დეპუტატები ვეტოს შემთხვევაში, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის, ვინაიდან ისინი ელოდებიან პრეზიდენტის შენიშვნების შინაარსს.

რაც შეეხება უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს გია ჟორჟოლიანს, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ის დეპუტატები, რომლებმაც ამ კანონპროექტს პრინციპულად დაუჭირეს მხარი, მზად არიან, რომ ვეტოს შემთხვევაში კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ეს პოზიცია.

„მოგეხსენებათ, ეს არ იყო ვენეციის კომისიის დასკვნა. ეს იყო მოსაზრებები, რომელიც წინასწარ გამოითქვა კომისიის ცალკეული წევრების მიერ. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ეს მისი პრეროგატივაა და გადაწყვეტილებას თავადვე მიიღებს“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

რაც შეეხება ”რესპუბლიკელ” დეპუტატ ვახტანგ ხმალაძეს, მისი თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, დაადებს თუ არა კანონპროექტს ვეტოს.

„როცა პრეზიდენტი გადაწყვეტს, მერე მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებას. თუმცა კანონპროექტზე შენიშვნები რომ არ გვქონოდა, ჩვენ მას აუცილებლად დავუჭერდით მხარს“, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

პარლამენტის მიერ მიღებული ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები პრეზიდენტს გადაეგზავნა. ქვეყნის პირველ პირს 3 ივნისამდე აქვს ვადა, რომ კანონპროექტს ან ვეტო დაადოს, ან შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს. პრეზიდენტის პოზიცია ამ დროისთვის უცნობია.