დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის შემოტანის მიზანი არ არის ის, რომ პარლამენტში უმრავლესობა ვერ შეიქმნას. ამის შესახებ ვახტანგ ხმალაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტის შესახებ მსჯელობენ.
”საუბარია იმაზე, რომელი მოდელი იძლევა უფრო სამართლიანი და ადეკვატური შედეგის მიღების შესაძლებლობას. ის რაც გვაქვს, თუ ის, რაც წარმოგიდგინეთ.
60 წელიწადია დაახლოებით, რაც გერმანიაში ამ სისტემით იმართება არჩევნები. თუ არ ვცდები, ორჯერ იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთმა პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო ხმების 50%-ზე მეტი პროპორციული წესით და შესაბამისად, მარტომ დააკომპლექტა მთავრობა”, - განაცხადა ხმალაძემ.
ვახტან ხმალაძეს დეპუტატმა გიგა ბუკიამ შეახსენა, რომ გერმანიაში სხვა მიზანი იყო ამ სისტემის დანერგვის და ეს იყო ის, რომ ფაშისტები არ მოსულისყვნენ ხელისუფლებაში.
”ჩვენ ვდგვართ ამ საფრთხის წინაშე რომ ფაშისტები გაიმარჯვებენ ამ ქვეყნაში?” - მიმართა ბუკიამ ხმალაძეს.
კოლეგას ვახტანგ ხმალაძემ უპასუხა, რომ ამის საფრთხეს ვერ ხედავს.
”ფაშიზმის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ მე ჩემი 26-წლიანი გამოცდილება მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ ფაშიზმი არა, მაგრამ არა ამომრჩევლის ნების სწორად ამსახველი უმრაველესობა მრავალი წლის განმავლობაში ყოფილა ჩვენთან”, - აღნიშნა ხმალაძემ.