გიორგი მარგველაშვილი ანდრეი კისკას შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ანდრეი კისკას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკასთან პირისპირ შეხვედრა გამართა. 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ვიზიტი განიხილება, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობის ნიშანი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე. საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს.

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადი მხარდაჭერისათვის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.


ხაზი გაესვა, სლოვაკეთის წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის და ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობის საკითხებში. ასევე, აღინიშნა, სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით.

”საქართველოს ხელისუფლების ინტერესია, მომავალში გააძლიეროს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა როგორც ორმხრივი, ასევე, მრავალმხრივი ურთიერთობების ფარგლებში”, - ნათქვამია განცხადებაში. 

ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.